გამოცემა Wall Street Journal აშშ-ს ორ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გაფართოებული რადიუსის თავდასხმითი საბრძოლო მასალების (ERAM) რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა.
WSJ-ს ინფორმაციით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 241-450 კილომეტრია და ის დაბალი ხარჯის მქონე სწრაფად დამზადებად იარაღს წარმოადგენს. მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-მ უკრაინისთვის გასაყიდად ERAM-ის ტიპის 3 550 რაკეტა დაამტკიცა და მათი მიწოდება დაახლოებით ექვს კვირაში მოხდება.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეიარაღების პაკეტი, რომელსაც კიევის ევროპელი მოკავშირეები აფინანსებენ და რომლის ღირებულებაც $850 მილიონია, დროებით გადაიდო მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ჯერ ვლადიმირ პუტინს შეხვდა ალასკაში და შემდეგ ზელენსკის - თეთრ სახლში.
გავრცელებული ინფორმაციით, ERAM-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მისატანად უკრაინას აშშ-ს თანხმობა დასჭირდება. ამისთვის, აშშ-მ ფარულად შეიმუშავა გადახედვის მექანიზმი, რომელიც თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს რუსეთის შიგნით ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღით შორი რადიუსის უკრაინული დარტყმების დაბლოკვის უფლებამოსილებას ანიჭებს. WSJ-ს ინფორმაციით, ამ პოლიტიკის გამო მსგავსი დარტყმები უკრაინისთვის უკვე თვეების განმავლობაშია ფაქტობრივად შეზღუდული.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ახალმა მექანიზმმა გაზაფხულის ბოლოდან მოყოლებული რუსეთის სიღრმეში სამიზნეების წინააღმდეგ ATACMS-ების გამოყენებას ხელი შეუშალა. ამასთან, შეზღუდვები ეხება ბრიტანულ Storm Shadow რაკეტებსაც, რადგან მათი დამიზნებისთვის უკრაინა ამერიკულ მონაცემებს ეყრდნობა.





