უნგრული გამოცემა Magyar Nemzet ავრცელებს ვიქტორ ორბანის მიერ ტრამპისადმი მიწერილ წერილს, რომელშიც უნგრეთის პრემიერი უკრაინის მხრიდან რუსეთში Дружба-ს მილსადენზე მიტანილი იერიშის გამო ჩივის.
წერილში ორბანი რუსულ მილსადენზე უკრაინის დარტყმებს "ძალზე არამეგობრულს უწოდებს."
"ხუთი დღის წინ, პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში ისტორიულ შეხვედრამდე, უკრაინამ დრონებით დარტყმები მიიტანა Дружба-ს ნავთობსადენზე რუსეთში. ეს მილსადენი ორ ქვეყანას, უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომლებსაც ნედლი ნავთობის იმპორტის სხვა გზა არ აქვთ, ამარაგებს. უნგრეთი უკრაინას ელექტროენერგიითა და ნავთობით ეხმარება, სანაცვლოდ ისინი იმ მილსადენს ბომბავენ, რომელიც ჩვენ გვამარაგებს. ძალზე არამეგობრული ნაბიჯია! ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს მშვიდობისკენ მის სწრაფვაში ყოველგვარ წარმატებას ვუსურვებთ!" - წერს უნგრეთის პრემიერი.
"ვიქტორ, არ მომწონს ამის მოსმენა. ძალიან გაბრაზებული ვარ ამის შესახებ. სლოვაკეთს უთხარი, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ," წერს აშშ-ს პრეზიდენტი ორბანის პასუხად.
ცნობისთვის, 22 აგვისტოს დილის საათებში უკრაინამ ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობსატუმბ სადგურ უნეჩაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უკრაინული გამოცემები წერდნენ, რომ აღნიშნული ობიექტი Дружба-ს მილსადენთანაა დაკავშირებული.
მალევე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ დაწერა, რომ "Дружба-ს მილსადენზე განმეორებითი თავდასხმა მოხდა - მესამეჯერ დროის მოკლე მონაკვეთში." მისი თქმით, "უნგრეთისკენ ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება ისევ შეჩერებულია."
ამასთან, სიიარტომ აღნიშნულ დარტყმას უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე მორიგი თავდასხმა უწოდა და დაამატა, რომ "ეს ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობაა."
უნგრეთი ნავთობის უდიდეს ნაწილს სწორედ ნავთობსადენი Дружба-ს საშუალებით იღებს, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსულ ნავთობს ბელარუსისა და უკრაინის გავლით აწვდის. Дружба-ს საერთო სიგრძე დაახლოებით 9000 კილომეტრია. ხოლო უნეჩა Дружба-ს ერთ-ერთი საკვანძო სადგურია.





