აშშ-მ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამატებით ორ მოსამართლეს და ორ პროკურორს სანქციები დაუწესა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახდეპის ცნობით, სანქციები ICC-ის მხრიდან აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას უკავშირდება.
“აშშ მკაფიო და თანმიმდევრულია ჩვენს წინააღმდეგობაში ICC-ის პოლიტიზების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობისა და არალეგიტიმური იურიდიული უფლებამოსილებების გადაჭარბების მიმართ. [...] იმ ქვეყნებს, რომლებიც კვლავ მხარს უჭერენ ICC-ს, რომელთაგან მრავალის თავისუფლება დიდი ამერიკული მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, მოვუწოდებ, რომ ამ სახელგატეხილი დაწესებულების პრეტენზიებს წინააღმდეგობა გაუწიონ”. - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
სახდეპის ცნობით, ორი სანქცირებული ICC-ს მოსამართლე კიმბერლი პროსტი და ნიკოლას იან გიიუ არიან, ხოლო ორი სხვა სანქცირებული პირი, ნაზჰატ შამიმ ხანი და მამე მანდიე ნიანგი პროკურორის მოადგილეები არიან.
“პროსტი დასახელებულია ავღანეთში აშშ-ს პერსონალის ICC-ის გამოძიების ავტორიზების სასარგებლოდ განაჩენისთვის. გიიუ დასახელებულია ICC-ის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერების გაცემის ავტორიზების გადაწყვეტილების მიღებისთვის.
პროკურორის მოადგილეები, შამიმ ხანი და ნიანგი დასახელებულები არიან ICC-ს მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ არალეგიტიმური ქმედებების მხარდაჭერის გაგრძელებისთვის, მათ შორის, ICC-ს პროკურატურის ოფისის ხელმძღვანელობის პოსტის დაკავებიდან მოყოლებული პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ გალანთის დაკავების ორდერების დაცვისთვის”. - წერია განცხადებაში.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს ნაბიჯი დადებითად შეაფასა და ისრაელის წინააღმდეგ კამპანიის წინააღმდეგ გადადგმული მტკიცე ნაბიჯი უწოდა.
"ვულოცავ მარკო რუბიოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტის გამო. ეს მტკიცე ნაბიჯია ისრაელის სახელმწიფოსა და IDF-ის წინააღმდეგ მიმართული ცრუ ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ და სიმართლისა და სამართლიანობის სასარგებლოდ". - წერია განცხადებაში, რომელიც ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოთხ მოსამართლეს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე ICC-ის ტრიბუნალის გამოძიებასა და ICC-ის მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას უკავშირდებოდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა შემდეგ ოთხ პირზე: სოლომი ბალუნგი ბოსა (უგანდა), ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსა (პერუ), რეინ ადელაიდ სოფი ალაპინი განსუ (ბენინი) და ბეტი ჰოლერი (სლოვენია).





