უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვაშინგტონში ვიზიტის დროს უკრაინელი ჯარისკაცისგან, კოსტანტინ კარტავცევისგან საჩუქრად გოლფის ჯოხი გადასცა.
კარტავცევმა ომში ფეხი დაკარგა და ფეხის პროთეზი აქვს. ზელენსკიმ ტრამპს კარტავცევის მიერ ჩაწერილი ვიდეო აჩვენა, რომელშიც ჯარისკაცი ამბობს, რომ გოლფი ფიზიკურ და ემოციურ რეაბილიტაციაში ეხმარება.
ვიდეოში კარტავცევი ტრამპს მოუწოდებს, რომ უკრაინას ომის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობით დასრულებაში დაეხმაროს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გამოცემა New York Post-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ტრამპი კარტავცევს საჩუქრისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ უკრაინის "გამოჯანმრთელებას" ცდილობენ და ზელენსკი "ძალიან, ძალიან ბევრს შრომობს".
"შენი ქვეყანა დიდებულია, ვცდილობთ, რომ გამოვაჯანმრთელოთ და ამისთვის თქვენი პრეზიდენტი ძალიან, ძალიან ბევრს შრომობს.
კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდი, თამაში გააგრძელე და ჯოხი მშვენიერია, მას გამოვიყენებ, ყოველჯერ, როდესაც ბურთს ჩავაგდებ, შენზე ვიფიქრებ". - ამბობს ტრამპი ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა. ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.





