გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკვე დაახლოებით ათმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ "დამზღვევი ძალები" გაგზავნონ.
წყაროების თქმით, 19 აგვისტოს ევროპელი მაღალჩინოსნების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანელი და ფრანგი სამხედროების გაგზავნის გეგმა იყო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხედრო შემადგენლობის მასშტაბი და შესაძლო განლაგების არეალიც.
პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox & Friends-თან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიის სახით, უკრაინაში გაგზავნილ ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს, თუმცა, მან ადგილზე ამერიკელი სამხედროების განლაგება გამორიცხა.
თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეორე დღეს ტრამპმა Fox-ს განუცხადა, რომ აშშ-ს ძალებმა შესაძლოა, დახმარება გაუწიონ უკრაინის მოკავშირეებს სამომავლოდ რუსეთის თავდასხმის აღკვეთაში.
"რაც შეეხება უსაფრთხოებას, [ევროპელები] მზად არიან ადგილზე ადამიანები გაგზავნონ," აღნიშნა ტრამპმა.
"ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით, სავარაუდოდ ვსაუბრობ საჰაერო ნაწილზე, რადგან არავის გააჩნია ის, რაც ჩვენ გვაქვს," დაამატა მან.
ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ ხაზი გაუსვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსურველთა კოალიციის მეშვეობით მოხდება.
ამასთან, 17 აგვისტოს, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, რომლებიც კოალიციის თანათავმჯდომარეები არიან, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ კოალიცია მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინაში "დამზღვევი ძალა" გაგზავნოს.





