აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 აგვისტოს Truth Social-ზე დაწერა, რომ თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ელაპარაკა.
ტრამპის თქმით, მან პუტინს შეხვედრების დასრულების შემდეგ დაურეკა, რათა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრისთვის სამზადისი დაწყებულიყო.
"შეხვედრის ბოლოს მე პრეზიდენტ პუტინს დავურეკე და დავიწყეთ შეხვედრისთვის მზადება პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის," დაწერა ტრამპმა. მანამდე, გამოცემა Reuters-მა ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან მიმდინარე მოლაპარაკებები დროებით შეწყვიტა, რათა პუტინისთვის დაერეკა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკისა და პუტინის მოლაპარაკებების შემდეგ სამმხრივი შეხვედრაც იქნება, სადაც აშშ-ც იქნება წარმოდგენილი.
"ამ [ორმხრივი] შეხვედრის გამართვის შემდეგ, ჩვენ სამმხრივი გვექნება, სადაც ორივე პრეზიდენტი [ზელენსკი და პუტინი] და მე ვიქნებით," დაამატა ტრამპმა.
პუტინთან ზარის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და აღნიშნა, რომ ზარი 40 წუთს გაგრძელდა.
ცნობისთვის, 18 აგვისტოს ოვალურ ოფისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.





