უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელს კით კელოგს ვაშინგტონში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინსტრაციის შეფასებით, შეხვედრამ "კარგად" ჩაიარა.
ზელენსკი ვაშინგტონში დღეს, 18 აგვისტოს ჩავიდა, სადაც ის დონალდ ტრამპს შეხვდება.
ზელენსკიმ ჩასვლისთანავე Telegram-ში პოსტი გამოაქვეყნა:
"უკვე ჩავედი ვაშინგტონში. დღეს მაქვს შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. შემდეგ ვისაუბრებთ ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მოწვევისთვის.
ჩვენ გვსურს სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. მშვიდობა უნდა იყოს მყარი, არა ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, როდესაც უკრაინას ყირიმის და დონბასის ნაწილის დათმობა მოუწია, ხოლო პუტინმა ეს თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა.
უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენს მებრძოლებს აქვთ წარმატებები დონეცკისა და სუმის ოლქში. დარწმუნებული ვარ უკრაინას დავიცავთ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო".– წერს ზელენსკი.
18 აგვისტოს აშშ-ს დედაქალაქში ტრამპი ზელენსკის გარდა ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება.





