არჩევნები ბოლივიაში

ბოლივიას თითქმის ორი დეკადის შემდეგ არა-მემარცხენე პრეზიდენტი ეყოლება

როდრიგო პაზ პერეირა

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ბოლივია თითქმის ორი დეკადის განმავლობაში სოციალისტური პარტიის უწყვეტი მმართველობის შემდეგ, არა-მემარცხენე პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება.

კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცენტრისტულ-მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, სენატორმა როდრიგო პაზ პერეირამ ხმების 32.18% მიიღო, მეორე ადგილზე კი ხმების 26.94%-ით პარტია თავისუფლება და დემოკრატიის კონსერვატორი კანდიდატი, ექსპრეზიდენტი ხორხე კიროგა გავიდა.

პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა, შესაბამისად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება ერთმანეთს სწორედ პერეირა და კიროგა დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი კვლევების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ბიზნესმენი, სამუელ დორია მედინა ლიდერობდა, რომელმაც საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 19.97% მიიღო. მედინამ დამარცხება უკვე აღიარა და მეორე ტურის წინ მხარდაჭერა როდრიგო პაზ პერეირას გამოუცხადა.

"ბოლივია ითხოვს არა მხოლოდ მთავრობის ცვლილებას, არამედ პოლიტიკური სისტემის ცვლილებასაც. ეს დიდი გამარჯვებისა და დიდი ტრანსფორმაციას დასაწყისია". - თქვა როდრიგო პაზ პერეირამ.

კომენტარები