17 აგვისტოს, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, რომლებიც კოალიციის თანათავმჯდომარეები არიან, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადების მიხედვით, კოალიციის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინაში "დამზღვევი ძალის" გაგზავნასთან დაკავშირებით მზადყოფნას მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება.
"მათ [ლიდერებმა] კვლავ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, რომ დამზღვევი ძალა გაგზავნონ [უკრაინაში] მას შემდეგ, რაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება; რომ წვლილს შეიტანენ უკრაინის ცისა და ზღვის დაცვაში, და ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენაში." - წერია განცხადებაში.
კოალიციის თანათავმჯდომარეების განცხადებით, ლიდერებმა შეაქეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხის მიმართ, "რაშიც მსურველთა კოალიცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს."
მაკრონი და სტარმერი ასევე წერენ, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მათი უწყვეტი მხარდაჭერა. ამასთან, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა შეკრებილ ლიდერებს აცნობეს, რომ 18 აგვისტოს ვაშინგტონში ჩავლენ და ტრამპს, ზელენსკისთან ერთად, შეხვდებიან.
ცნობისთვის, 18 აგვისტოს ზელენსკისთან ერთად ვაშინგტონში სხვა ევროპელი ლიდერებიც ჩავლენ. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, აშშ-ში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გაემგზავრებიან.
17 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის დროს ტრამპის ადმინისტრაცია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ძირითადად უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განიხილავენ.
"ხვალინდელი საუბრის დიდი ნაწილი დაეთმობა იმას, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს უკრაინა, რადგან რაც უკრაინას სურს ისაა, რომ... კარგი, ომი დასრულდა - როგორ უზრუნველვყოთ, რომ ეს აღარ მოხდება. როგორ უზრუნველვყოთ, რომ ორ ან სამ წელიწადში, რუსები ჩვენ წინააღმდეგ კვლავ არ წამოვიდნენ. ამიტომ, მათ გარანტიების შექმნა სურთ, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა ან აღკვეთონ სამომავლოდ მსგავსი ომი. ასე რომ, ხვალ დიდ დროს დავუთმობთ დეტალების განხილვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს გამოიყურებოდეს." - აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
რუბიოს თქმით, ასევე დისკუსიის ნაწილი იქნება ის საკითხი, თუ რა როლი ექნება აშშ-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის კუთხით.





