აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი სასაუბრო თემა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების განახლება იყო.
პუტინმა ილაპარაკა რუსეთსა და აშშ-ს შორის ბიზნესპარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
"სხვათა შორის, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ორმხრივი ტვირთბრუნვა გაგვეზარდა. ამ ყველაფერს ჯერჯერობით სიმბოლური სახე აქვს, თუმცა მაინც, პლუს 20%. მე ხაზს ვუსვამ, რომ გაგვაჩნია მრავალი, საინტერესო მიმართულება ერთობლივი მუშაობისთვის. ცხადია, რომ რუსულ ამერიკული საქმიან და საინვესტიციო პარტნიორობას დიდი პოტენციალი აქვს. რუსეთსა და აშშ-ს აქვთ ის, რისი ერთმანეთისთვის შეთავაზებაც შეუძლიათ ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ციფრულ სფეროში, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კოსმოსის ათვისებაში. აქტუალურია თანამშრომლობა არქტიკაში, რეგიონთაშორისი კონტაქტების განახლება, მათ შორის ჩვენს შორეულ აღმოსავლეთსა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს შორის. მთლიანობაში, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია და საჭიროა ახალ გვერდზე გადაშლა და თანამშრომლობისთვის დაბრუნება". - თქვა პუტინმა.
პუტინს სურს, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში "დღევანდელი დღიდან ხვალინდელში გადააბიჯოს"
"სიმბოლურია, რომ არც თუ ისე შორს, რუსეთისა და აშშ-ს საზღვარზე, როგორც უკვე ვახსენე, გადის ე.წ. თარიღის ცვლის ხაზი, სადაც, პირდაპირი მნიშვნელობით, შესაძლებელია გადააბიჯო გუშინდელი დღიდან ხვალინდელ დღეში. ვიმედოვნებ, რომ ასეც გამოგვივა... პოლიტიკურ სფეროში." - თქვა პუტინმა.
ამას გარდა, პუტინმა გამოთქვა იმედი, რომ 15 აგვისტოს შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პრაგმატული ურთიერთობის საწინდარი გახდება.
"მსურს ბატონ ტრამპს მადლობა გადავუხადო ერთობლივი მუშაობისთვის. საუბრის კეთილგანწყობილი და დამაჯერებელი ტონისთვის. მთავარია, რომ ორივე მხარე შედეგზე მიზანდასახული იყო. ვხედავთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს აქვს ცხადი წარმოდგენა, რას სურს მიაღწიოს. გულწრფელად ზრუნავს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე და ამავდროულად იჩენს გაგებას რუსეთის ეროვნული ინტერესების არსებობის მიმართ. მაქვს მოლოდინი, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები გახდება საორიენტაციო წერტილი არამხოლოდ უკრაინის პრობლემის გადაჭრისთვის, არამედ რუსეთსა და აშშ-ს შორის საქმიანი, პრაგმატული ურთიერთობის საწინდარიც გახდება."




