მოწევის პრევალენტობა

მოწევის პრევალენტობის სტაგნაცია და პოლიტიკის დაუდევრობა

მოწევის პრევალენტობა

მოწევის პრევალენტობის სტაგნაცია და პოლიტიკის დაუდევრობა

სად არის საქართველო მოწევასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით? 

მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მწეველთა რაოდენობა 1.1. მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ყოველწლიურად მოწევით გამოწვეული დაავადებებით 8 მილიონი ადამიანი კვდება. მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ საქართველოს შემთხვევაში 2025 წლის მდგომარეობით ზუსტად არ ვიცით, რამდენია მოწევის პრევალენტობა და ეს ციფრებით მანიპულირების სივრცეს ტოვებს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზუსტი იდენტიფიცირება არსებითად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რამდენად ეფექტურად მუშაობს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მკაცრი შეზღუდვები და კრიტიკულად შევაფასოთ, საჭიროა თუ არა გამოსავლის ახალი გზების ძიება. 

თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის (2021-2025) დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წელს ჩატარებული თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევის თანახმად, მოზრდილი მოსახლეობის 30.7% თამბაქოს მოიხმარდა. ამავე კვლევით, მწეველთა წილი მამაკაცთა შორის 55.5% იყო, შესაბამისად, საქართველო მამაკაცებში თამბაქოს მოხმარების პროცენტული მაჩვენებლით პოპულაციაში ევროპის მასშტაბით მოწინავე ქვეყანაა. 

ჯანდაცვიის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა ამბობს, რომ საქართველოში ბოლო კვლევა 2020 წელს ჩატარდა, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარება 28.9%-ს შეადგენდა. საინტერესოა სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტსა და ჯანმოს ინფორმაციას შორის განსხვავება რა მიზეზებით არის განპირობებული. 2021, 2022, 2025 წლების მიხედვით ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული მოწევის პრევალენტობის მაჩვენებლები კი მათივე ინფორმაციით, არა კონკრეტულ კვლევას, არამედ სავარაუდო გათვლებს ეფუძნება (“The most recent survey was conducted in 2020. This is a projection”). შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თუ ჯანმო თავისი შემზღუდველი დირექტივებით ვერ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას მოწევის პრევალენტობის შესამცირებლად, ამას კვლევების გარეშე, რიცხვების წინასწარმეტყველებით გააკეთებს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასერიოზულია და ფაქტობრივი კვლევების ჩასატარებლად მეტი რესურსის გამოყოფას და საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენებით ანგარიშვალდებულებას საჭიროებს. 

ჩემს გარშემო გავრცელებული აღქმების მიხედვით, საქართველოში 30%-ზე მეტი სრულწლოვანი მწეველია. ვინაიდან ზუსტი ციფრები ხელმისაწვდომი არ არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში დაახლოებით ყოველი მესამე, ხოლო კაცებში ყოველი მეორე ადამიანი თამბაქოს მოიხმარს, რაც ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქისთვის, მწვავე საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხია.  აღსანიშნავია ისიც, რომ თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება. ამასთან, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკას მნიშვნელოვიანი გავლენა აქვს, როგორც ჯანდაცვით ხარჯებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე. 2017 წელს „საინვესტიციო შემთხვევის“ შედეგების თანახმად (UNDP, 2018), საქართველოში თამბაქოთი გამოწვეულმა პირდაპირ ჯანდაცვითმა დანახარჯებმა, ასევე არაპირდაპირმა დანახარჯებმა 824.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური მშპ-ს 2.43% იყო. 

ამ ბლოგით მსურს, მოკლედ მიმოვიხილო მოწევასთან დაკავშირებული პრობლემის მიმართ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობა და მწეველების მიმართ ჰუმანური მიდგომის ადგილი თამბაქოს კონტროლის რეგულირებაში. 

 

თუ მოწევის პრევალენტობა ზუსტად არ ვიცით, მაშინ რას ვებრძვით შემზღუდველი რეგულაციებით? 

საზოგადოებაში არსებული სოციო-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოები ხშირად იყენებენ სხვადასხვა რეგულაციებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგულაციებით ჩარევას თან ახლდეს რეგულირების გავლენის შეფასება(RIA). რეგულირების  გავლენის შეფასება არის სისტემატური მიდგომა, რომელსაც მთავრობა იყენებს ახალი ან არსებული რეგულაციების, ასევე არარეგულატორული ალტერნატივების ზემოქმედების შესაფასებლად, რათა უზრუნველყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. RIA მოიცავს პრობლემის განსაზღვრას, მიზნების დასახვას, ალტერნატივების განხილვას, ხარჯებისა და სარგებლის ანალიზს და მონიტორინგის სისტემის შექმნას. რეგულირების გავლენის შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება მთავრობას, მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები, თავიდან აიცილოს ცუდად დაგეგმილი პოლიტიკა, რომელმაც შეიძლება შეარყიოს საზოგადოების ნდობა ან გამოიწვიოს ზედმეტი ტვირთი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის. მაგალითად, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და ელექტრო მანქანების წასახალისებლად სახელმწიფომ შესაძლოა მიიღოს გარკვეული რეგულაციები, თუმცა, თუ მთავრობა აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბენზინზე მომუშავე მანქანებს სრულად აკრძალავს, დიდი ალბათობით, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და კეთილშობილური მიზნის მიუხედავად ამგვარი რეგულაცია საზოგადოების მხრიდანაც ვერ მიიღებს მხარდაჭრას.

რიცხვებისთვის თვალის მიდევნება რეგულაციების ეფექტიანობის შესამოწმებლად აუცილებელი ელემენტია. არც თამბაქოს კონტროლია ამ კუთხით გამონაკლისი. იდეოლოგიზირებული და მიკერძოებული შეზღუდვებისთვის დამახასიათებელია, რომ რეალობას ვერ პასუხობს და ეს აუცილებლად აისახება შედეგებში. ამიტომ, თუ გამადიდებელი შუშით არ ვაკვირდებით აკრძალვების შედეგებს, მაშინ მხოლოდ თავის დაიმედება დაგვრჩენია. მაგრამ მაინც, გვაქვს საქმე საიმედოდ?

საქართველომ 2017 წელს მიიღო “ახალი თაობის კანონი” თამბაქოს კონტროლის შესახებ, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან დაიწყო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ისეთი შეზღუდვები, რომლითაც აიკრძალა თამბაქოს მოხმარება დახურულ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დაწესდა რეალიზაციის კონკრეტული წესები, ნიკოტინისა და თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტებზე თითქმის თანაბარი მოპყრობა გავრცელდა, აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის ხილვადობა,  აიკრძალა ისეთი ნაწარმის გაყიდვაც კი, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი, თუმცა, თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაციად, სიმულაციად ან იმიტაციად შეიძლება ჩაგითვალონ, აიკრძალა პირდაპირ პერსონალური კომუნიკაცია ან ინდივიდისთვის განკუთვნილი საინფორმაციო მასალა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, ასევე,  რამდენიმე თვეა ამოქმედდა სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა და სხვა. დროთა განმავლობაში აქციზის მკვეთრი მატების შედეგად ეტაპობრივად გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი. 

თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიაში (2021-2025) აღნიშნულია რომ “ქვეყანამ წარმატებით განახორციელა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით (WHO FCTC) გათვალისწინებული მუხლებისა და მათი აღსრულების გაიდლაინების დიდი ნაწილის იმპლემენტაცია.” 2018 წლიდან, როდესაც საქართველო ჯანმოს რეგულაციების შესრულების კუთხით დაწინაურდა, თითქმის 7 წელია გასული. სახელმწიფო სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ FCTC-ის 4 პრიორიტეტული მუხლის შესრულებით საქართველოში 15 წლის ჭრილში შესაძლებელი იქნებოდა ორი ძირითადი მიზნის მიღწევა: (1) 53 100 მოქალაქის გარდაცვალების თავიდან აცილება; (2) თამბაქოსთან ასოცირებული მთლიანი ეკონომიკური ხარჯების 3.6 მილიარდი ლარით შემცირება. ამასთან, თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის მიზანად განისაზღვრა თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების ხელშეწყობა 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარების 15%-მდე და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების 5%-მდე შემცირებით. „ახალი თაობის კანონით“ განსაზღვრულ შეზღუდვებს მოზრდილებში მოწევის გავრცელება ყოველწლიურად 2%-ით უნდა შეემცირებინა.  

გაცხადებული 15 წლიანი პერიოდიდან ნახევარზე მეტი გასულია, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების ფონზე რთული სათქმელია, დასახული მიზნები, რომელთა მიღწევასაც შემზღუდველი ღონისძიებები ისახავდა ამოცანად, რამდენად რეალისტურად ვითარდება. თავის მხრივ, მტკიცებულებების არარსებობა დასახული მიზნების მიღწევის განზრახვას ეჭვქვეშ აყენებს და შემზღუდველ ღონისძიებებს თვითნებურ ხასიათს სძენს. გარდა ამისა, სახელმწიფომ შემზღუდველი ღონისძიებებით პასუხისმგებლობა აიღო, ჯანდაცვისა და ეკონომიკური თვალსაზრისით გარკევული სიგნალები გაეგზავნა მწეველებისთვის. მაგალითად, სხვადასხვა რისკის შემცველი თამბაქოს ნაწარმის ფისკალური და რეგულაციური გათანაბრება მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, რომ ყველა თამბაქოს ნაწარმი ერთნაირად მავნებელია, როცა საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოების დასკვნები და შეფასებები სხვაგვარადამბობს.  

 

იმ ქვეყნების მოწევის პრევალენტობა, რომელთა რეგულაციებიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ადევნებს თვალს  

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის პირველ მუხლში კანონმდებელს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზანი აქვს გაცხადებული: საქართველოს მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირება. ამდენად, მნიშვენლოვანია ყველა კონკრეტული შეზღუდვისა თუ პოლიტიკის შემოტანა ვიწროდ ემსახურებოდეს სწორედ დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზანს. მწეველების რიცხვი არ არის მხოლოდ სტატისტიკური მონაცემი  - ნიკოტინის მომხმარებლების უკან დგას ადამიანური ისტორიები, რომელთა აღიარება და მოსმენა, მათ შორის, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებსაც მეტი პასუხისმგებლობითა და გულისყურით მართებს. 

არსებობს რიგი ქვეყნები, რომელთაც დაავადების ტვირთის შემცირება რეალისტურად მიიჩნიეს სიგარეტის მოწევის შემცირებით, თუმცა იმის აღირებით, რომ ნიკოტინის მოხმარება უკვამლო ალტერნატივების გზით ზიანის შემცირების პოტენციალთან არის დაკავშირებული. 

თუკი რომელიმე სახელმწიფოს შეუძლია თქვას, რომ მოწევის პრევალენტობის შემცირებაში წარმატებას მიაღწია, ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა არის შვედეთი, სადაც 2024 წლის მდგომარეობით 16-84 ასაკობრივ კატეგორიაში მოსახლეობის 5.4% ეწევა ყოველდღიურად.  ამჟამად, შვედეთი მსოფლიოში მოწინავე სახელმწიფოა, რომელსაც ყველაზე დიდი შანსი აქვს, გახდეს უკვამლო ქვეყანა, რაც გულისხმობს მოწევის მაჩვენებლის 5%-ზე ქვემოთ ჩამოყვანას. შვედეთში სიგარეტი უმეტესად თამბაქოს ორალურმა ნაწარმმა (სნუსი/ნიკოტინის ბალიშები) ჩაანაცვლა. კერძოდ, შვედეთში ნიკოტინის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 24%-25%-მდე მერყეობს, მაგრამ აქედან მხოლოდ 5.4% იღებს ნიკოტინს სიგარეტის საშუალებით, დანარჩენი უკვამლო ალტერნატივების გზით მოიხმარს.  ამასთან, შვედეთში კიბოს შემთხვევების რაოდენობა 41%-ით ნაკლებია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, ხოლო  კიბოსგან სიკვდილიანობის 38%-ით დაბალი მაჩვენებელი შეიმჩნევა. გარდა ამისა, შვედეთში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით გამოწვეული სიკვიდილიანობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 39.6%-ით დაბალია. 

მნიშვნელოვანია, ვახსენოთ დიდი ბრიტანეთის მაგალითიც. 2017 წელს თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის დოკუმენტში ჩნდება ჩანაწერი მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინოვაციის შესახებ, რომელიც წვის გარეშე ნიკოტინის პროდუქტებს მიემართება. ჯანდაცვის უწყება მიუთითებდა მტკიცებულებებზე, რომელთა მიხედვითაც ელექტრონული სიგარეტი წვად თამბაქოსთან შედარებით ნაკლებად საზიანოდ ფასდება, იმაზე ხაზგასმით, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება ნიკოტინის ყველა პროდუქტისთვის თავის დანებებაა. უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მიუთითებს მოწევისთვის თავის დანებების პროცესში  ნიკოტინის უკვამლო ალტერნატივების პოტენციალზე და მიესალმება ინოვაციას მოწევისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. 

ახალი მიდგომების მხრივ, განსახილველად საინტერესოა ახალი ზელანდიის თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმა (2025), რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა. თამბაქოს კონტროლის შემზღუდველ ღონისძიებებთან ერთად, ქვეყანამ აირჩია წვადი თამბაქოსა და ნიკოტინის უკვამლო ალტერნატივებს შორის დიფერენცირებული მიდგომა, რომელსაცოფიციალური უწყება სამეცნიერო არგუმენტებზე დაყრდნობით ასაბუთებსთამბაქოს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში. ახალი ზელანდია აქვეყნებს მოწევის პრევალენტობას, რომელიც 2023/2024 წლების ჭრილში 6.9%-მდე შემცირდა და რაც 2018/2019 წლებთან შედარებით 47%-იანი კლებაა. აღნიშნული ტენდენციით, ახალი ზელანდია შვედეთის მსგავსად ახლოსაა მიზნის მიღწევასთან, რომ მოწევის პრევალენტობა შემცირდეს 5%-მდე. 

მოწევის პრევალენტობის შემცირების მიზნის დასახვისას მნიშვნელოვანია ძირითადი სამეცნიერო საფუძვლების ცოდნა - კერძოდ, ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და განაპირობებს მიჯაჭვულობას თამბაქოზე, თუმცა იგი არ არის კანცეროგენი. აშშ-ს საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტო  (FDA) თავის ვებ-გვერდზე მიუთითებს, რომ ნიკოტინის შემცველი სხვადასხვა თამბაქოს პროდუქტები განსხვავებული დონის რისკებს შეიცავენ სრულწლოვანი მომხმარებლებისთვის -  მათ შორის, თამბაქო, რომელიც იწვის, ყველაზე საზიანოა. FDA-ს მიდგომა თამბაქოს პროდუქტების შედარებით რისკს ეფუძნება. FDA ახალი თამბაქოს პროდუქტებთან მიმართებით სამეცნიერო მასალას რიგი კრიტერიუმების საფუძველზე  მიმოიხილავს და ყოველ კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებით გასცემს მოდიფიცირებული ზემოქმედებით ან მოდიფიცირებული რისკით მარკეტინგის ავტორიზაციას. FDA გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი თამბაქოს პროდუქტის შესახებ აპლიკაციას აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანთან შესაბამისობაში.

ინოვაციური მიდგომების განვითარებასთან ერთად, ზიანის შემცირების პრინციპი მასთან დაკავშირებული პოლიტიკური თუ სამეცნიერო დისკუსიით უახლოეს მომავალში უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდება. თამბაქოს ზიანის შემცირების პრინციპი, მხედველობაში იღებს რა სამეცნიერო მტკიცებულებებს, გვთავაზობს ხედვას მოწევისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.  ყველა სიახლე ეჭვებთან და შიშებთანაა უმეტესად დაკავშირებული. ინოვაციური გზებით პრობლემის გადაჭრა ამიტომაც ხშირად დროში ყოვნდება. ერთი გაკვეთილის გამოტანა შესაძლებელია, ზემოთ ნახსენები სახელმწიფოების მიერ ინოვაციების მიმღებლობა სიგარეტის მოწევით გამოწვეული დაავადებების შემცირების პოტენციალზე მიანიშნებს. დროა საკითხის სწორად იდენტიფიცირება მოვითხოვოთ და უკვე არსებული შეფასებებისა და დასკვნების გამოყენებით გულგრილობის პოლიტიკა მწეველების მიმართ დავასრულოთ. 

კომენტარები