რუსეთში, ქალაქ ელაბუგასთან მდებარე დრონების ქარხანა უკვე თითქმის დამოუკიდებლად ახერხებს Shahed-ის ტიპის დრონების განახლებასა და წარმოებას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
CNN-ის ცნობით, რუსეთში ყველაზე დიდი დრონების მწარმოებელი ქარხანა ფაქტობრივად სრულად დამოუკიდებელია ირანული Shahed-ის დრონების წარმოებაში, რაც დასავლური დაზვერვის წყაროების შეფასებით, მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობას ართულებს.
"შემოდის ალუმინის ნაჭრები, რომლისგანაც ძრავებს ვამზადებთ. მიკროელექტრონიკა ელექტრონული ჩიპებისგან მზადდება. დრონების კორპუსები კი ნახშირბადის ბოჭკოსგან და ბოჭკოვანი მინისგან მზადდება. აქ სრული წარმოება მიმდინარეობს". - თქვა ქარხნის დირექტორმა, ტიმურ შაგივალეევმა რუსული პროპაგანდისტული მედიის ეთერში, ქარხნის შესახებ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში.
როგორც CNN აღნიშნავს, მათ მიერ შესწავლილი სატელიტების ფოტოები აჩვენებს, რომ ქარხანა და მისი წარმოების მასშტაბები სულ უფრო იზრდება. გამოცემა უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ყოველთვიურად 5 500-ზე მეტ დრონს აწარმოებს, რაც თავდაპირველ წარმოების მონაცემებზე გაცილებით დიდია, წარმოების ფასი კი გაცილებით ნაკლები. 2022 წელს რუსეთს ერთი დრონის წარმოება დაახლოებით 200 000 დოლარი უჯდებოდა, ახლა კი წარმოების ხარჯი 70 000 დოლარამდეა შემცირებული.
ამასთან, უკრაინის მონაცემებით, მოსკოვმა დრონები გაუმჯობესებული საკომუნიკაციო აპარატურით, საბრძოლო ქობინებითა და გაზრდილი დიაპაზონის ბატარეებით აღჭურვა, რაც მათ ჩამოგდებას უფრო ართულებს.
CNN დასავლური დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი რუსეთში ადგილობრივი წარმოების განვითარებას თავდაპირველად მიესალმებოდა, თუმცა, ახლა ეს საკითხი პრობლემური ხდება. როგორც წყარო აღნიშნავს, თეირანი შიშობს, რომ კონტროლს დაკარგავს Shahed-ის დიზაინსა და წარმოებაზე.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, მიუხედავად დაძაბულობისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა თეირანს მაინც დაეხმაროს – გაუმჯობესებული დრონების ან შესაბამისი ტექნოლოგიების დაბრუნებით. გაეროს იარაღის ყოფილი ინსპექტორი და მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დევიდ ოლბრაიტი CNN-თან საუბარში ამბობს, რომ ირანის დრონების მწარმოებელი ზოგიერთი ობიექტი, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაზიანდა და ვარაუდობს, რომ რუსეთმა შესაძლოა მიაწოდოს განახლებული Shahed-ის ტიპის დრონები მარაგების აღსადგენად.
რუსეთმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ირანული Shahed-ის ტიპის დრონების იმპორტი დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მოსკოვმა და თეირანმა 1.75 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც რუსეთი დრონებს ადგილობრივად აწარმოებდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 000 დრონის წარმოება 2025 წლის სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, რუსეთმა მისი დამზადება ერთი წლით ადრე შეძლო, ახლა კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ელაბუგასთან მდებარე ქარხანა თვეში 5 500-ზე მეტ დრონს აწარმოებს.





