რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრამდე ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც მხარს უჭერენ უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს და პრეზიდენტ ზელენსკის უთხრა, რომ პუტინი მზად არის დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ. ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნების განცხადებით, მშვიდობის დამყარება მხოლოდ რუსეთზე წნეხის შენარჩუნებით არის შესაძლებელი.

დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლითვის, ნორვეგიისა და შვედეთის ლიდერები კიდევ ერთხელ ერთობლივად "მხარს უჭერენ პრინციპს, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს". 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა რუსეთს მისი ტერიტორიის გაყოფის მეორე მცდელობის საშუალებას არ მისცემს, რადგან უკრაინელები რუსეთს იცნობენ და "სადაც მეორეა, იქაც მესამეა", ხოლო ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს. 

ზელენსკის თქმით, პუტინს ახლა სურს, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთისა და ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის სრული ოკუპაცია აპატიონ.

ტრამპი და პუტინი 15 აგვისტოს აშშ-ს ალასკის შტატში შეხვედრას გეგმავენ. ამავდროულად, NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი ალასკაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევასაც განიხილავს.

კომენტარები