უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ლიდერმა დაგმო რუსეთის მიზანმიმართული იერიში აზერბაიჯანული კომპანია Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე და ორივე მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის საკითხში თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლის.
ზელენსკიმ ალიევს მიულოცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით გამართული ისტორიული სამიტის ფარგლებში გაფორმდა.
"ჩვენ განვიხილეთ აშშ-სთან, ევროპულ ქვეყნებთან კომუნიკაცია და ძირითადი პრინციპები, რაც მშვიდობასთან უფრო ახლოს მიგვიყვანს. მადლობელი ვარ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსადმი მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ერთობლივმა ძალისხმევამ საბოლოოდ რუსეთი აიძულოს, რომ აგრესია და საომარი მოქმედებები შეწყვიტოს," თქვა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანისა და უკრაინის ლიდერებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ენერგორესურსების საკითხში თანამშრომლობა და რუსეთის მხრიდან ამის ჩაშლის მცდელობები.
"უკრაინა მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა, რათა დაიბლოკოს ენერგორესურსების მარშრუტები, რაც ჩვენთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის ენერგო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა და ხალხი დავიცვათ," დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ალიევის ოფისმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი გმობს Socar-ის ნავთობ საცავზე რუსეთის იერიშსა და რუმინეთის საზღვართან სიახლოვეს ბუნებრივი აირის სატრანზიტო სადგურზე დარტყმას.
"საუბრისას ორივე მხარემ დაგმო რუსეთის მიზანმიმართული საჰაერო იერიშები უკრაინაში აზერბაიჯანული Socar-ის მფლობელობაში არსებულ ნავთობის საცავ ობიექტზე, ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანულ ობიექტებსა და ბუნებრივი აირის საკომპრესორო სადგურზე, რომელსაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უკრაინისკენ გადაჰქონდა," განაცხადა ალიევის უწყებამ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, მხარეებმა "ხაზგასმით აღნიშნეს მათი რწმენა, რომ ეს იერიშები ვერ შეაფერხებს აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის საკითხში თანამშრომლობას."
ცნობისთვის, 8 აგვისტოს რუსეთმა ოდესის ოლქში შაჰედის ტიპის დრონების მეშვეობით Socar-ის ნავთობის საცავ დაარტყა. შედეგად, ობიექტზე გაჩნდა ხანძარი და დაზიანდა დიზელის ტიპის საწვავისთვის განკუთვნილი მილსადენი.
ამასთანავე, რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა უკრაინა-რუმინეთის საზღვართან მდებარე ბუნებრივი აირის სატრანზიტო ობიექტზეც, რომელსაც აშშ-დან და აზერბაიჯანიდან უკრაინაში ბუნებრივი აირი შეაქვს.





