უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ომის დასასრული უნდა იყოს სამართლიანი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დღეს მხარს უჭერს უკრაინას, ჩვენს ხალხს, მშვიდობას უკრაინაში, რომელიც ჩვენი ევროპელი ხალხების უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინტერესებს იცავს". – წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აფასებს და სრულიად ეთანხმება ევროპის ლიდერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.
" უკრაინას საკუთარი ბედის განსაზღვრის უფლება აქვს. შინაარსიანი მოლაპარაკებები შესაძლებელია გაიმართოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი ქმედებების შემცირების შემთხვევაში. უკრაინის სამშვიდობო გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს". – წერია განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტრუბა აწერენ ხელს.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდგომ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში პუტინს შეხვდება.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ" და "ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა".





