გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი გეგმა წარუდგინეს.
გამოცემა წერს, რომ ევროპული შეთავაზება ევროპის ლიდერების წარმომადგენლებმა აშშ-ს წარმომადგენლებს, მათ შორის, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, კით კელოგსა და სტივ უიტკოფს დღეს, 9 აგვისტოს ინგლისში შეხვედრისას წარუდგინეს.
WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ დონეცკიდან უკრაინული ძალების გასვლის შემთხვევაში რუსეთმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს.
გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.
როგორც გამოცემა წერს, ევროპული გეგმა ნებისმიერი სხვა ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
"პროცესს შუა ბრძოლის დროს ტერიტორიის დათმობით ვერ დაიწყებ". - თქვა ერთ-ერთმა წყარომ WSJ-სთან საუბრისას.
WSJ-ის მიხედვით, შეხვედრის დროს ევროპელმა წარმომადგენლებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალის განხილვა უკრაინის გარეშე დაუშვებელია და ასევე თქვეს, რომ უკრაინისთვის შეიარაღებისა და დაფინანსების მიწოდებას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, თუ ვაშინგტონი რას გადაწყვეტს.
გარდა ამისა, გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ევროპელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე ღირებული არ იქნება.
როგორც WSJ წერს, ევროპის ქვეყნების გეგმა შეადგინეს უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და საფრანგეთმა.
გამოცემასთან საუბრისას ევროპელი ლიდერის ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ "დასანანია", რომ პუტინმა ტრამპის მიერ დაგეგმილ შემზღუდავ ზომებს თავი აარიდა. მისივე თქმით, პუტინმა აჩვენა, რომ აშშ-ს ზეწოლის მიმართ მოწყვლადია და ეს ტრამპმა ბერკეტად უნდა გამოიყენოს.
WSJ-ს რამდენიმე წყაროს თანახმად, პუტინის მიერ აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისთვის, სტივ უიტკოფისთვის წარდგენილი წინადადება ითვალისწინებს, რომუკრაინამ დონეცკის ოლქის მესამედი, რომელსაც ჯერ ისევ აკონტროლებს, რუსეთს უნდა დაუთმოს, ხოლო ფრონტის ხაზი სხვაგან, მათ შორის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, გაიყინება.
როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ რუსეთი მზად იყო, ზაპოროჟიე და ხერსონი დონეცკზე სრული კონტროლის სანაცვლოდ დაეტოვებინა.
თუმცა, WSJ-ს თანახმად, მოგვიანებით უიტკოფმა ევროპელ ლიდერებთან დააზუსტა, რომ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკიდან უკრაინის ცალმხრივი გასვლა სურდა.
დეტალების გარკვევის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს.
"შეთავაზება გაცილებით უარესია, ვიდრე ის, რაც ტრამპმა ზარის დროს თქვა". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
მეორე წყარომ კი თქვა, რომ ამ შეთავაზებით "პუტინს ყველაფერს აძლევენ არაფრის სანაცვლოდ".
9 აგვისტოს დილით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ".
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.





