რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინიდან გატაცებული ბავშვების "კატალოგი" შექმნეს

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია Save Ukraine-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებს ლუგანსკში შექმნილი აქვთ ონლაინ "კატალოგი", სადაც უკრაინელ ბავშვების გაშვილება ხდება და ისინი "დახარისხებულნი" არიან სხვადასხვა ფიზიკური მახასიათებლებით, მაგალითად, თვალის ან თმის ფერით.

ბავშვებით ვაჭრობის მონაცემთა ბაზა, რომელიც 294 უკრაინელი ბავშვის მონაცემებს მოიცავს, ლუგანსკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების განათლების დეპარტამენტშია ხელმისაწვდომი.

"ამ კატალოგში ბავშვების უმეტესობა ლუგანსკის ოლქში რუსეთის ოკუპაციამდე დაიბადა და უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანის მშობლები საოკუპაციო ხელისუფლებამ მოკლა, ზოგს კი უბრალოდ რუსული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გაუკეთეს, მათი გატაცების ლეგიტიმიზაციისთვის". - წერს Save Ukraine-ის ხელმძღვანელი, მიკოლა კულება.

რუსული საოკუპაციო ძალების მონაცემთა ბაზაში ბავშვები მოხსენიებულები არიან როგორც "ობლები და მშობლების ზრუნვას მოკლებულები". ვებსაიტი საშუალებას იძლევა, გაფილტროს ბავშვების სია ასაკით, თვალისა და თმის ფერით, ასევე, მეურვეობის სასურველი ფორმით – შვილად აყვანა ან მინდობილობით აღზრდა.

ბავშვები დახასიათებული არიან მათი ფოტოებით, ასაკით, გენდერით და ხასიათით – ზოგიერთი აღწერილია, როგორც "მორჩილი" ან "მშვიდი".

"ის, თუ როგორ აღწერენ ისინი ჩვენს შვილებს, არ განსხვავდება მონათა კატალოგისგან. ეს არის ბავშვებით ვაჭრობა 21-ე საუკუნეში და მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ამის შესაჩერებლად". - თქვა კულებამ.

მისი შეფასებით, მონაცემთა ბაზა სისტემის "გაუმჯობესების" მცდელობის ნაწილია, შვილად აყვანაზე მოთხოვნის შემცირების ფონზე.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინას რუსეთის მიერ 19 500-ზე მეტი მოტაცებული ან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვი ჰყავს იდენტიფიცირებული, რომელთაგან მხოლოდ 1 480-ის დაბრუნება შეძლეს. ხელისუფლების ვარაუდით, რეალური რიცხვები გაცილებით მაღალია, უკრაინის ომბუდსმენის მონაცმებით, საოკუპაციო ძალებს 150 000-მდე ბავშვი ჰყავთ გატაცებული.

კომენტარები