აშშ-ლიბანი

ლიბანმა აშშ-ს მიერ წარდგენილი ჰეზბოლას განიარაღების გეგმა დაამტკიცა

Anwar Amro/AFP

7 აგვისტოს ლიბანის მთავრობამ აშშ-ს მიერ შეთავაზებული წინადადება დაამტკიცა, რომელიც ჰეზბოლას ტერორისტული დაჯგუფების საბოლოო განიარაღებას ისახავს მიზნად.

ლიბანის მთავრობის კაბინეტის სხდომა, რომელზეც აღნიშნული გეგმის განხილვა მიმდინარეობდა, კაბინეტის წევრმა ჰეზბოლას მინისტრებმა და მათმა შიიტმა მუსლიმმა მოკავშირეებმა დატოვეს - ამის შესახებ Reuters-ს სამი ლიბანური წყარო უყვება. რამდენიმე დღით ადრე ჰესბოლამ მკაცრად გააკრიტიკა განიარაღების გეგმა, მას "მძიმე ცოდვა" უწოდა და განაცხადა, რომ იმოქმედებდა "ისე, თითქოს ეს გეგმა არც არსებობს".

ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა, პაულ მორკოსმა განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო აშშ-ის წინადადების ნაწილები, მათ შორის, წინადადება "არასახელმწიფოებრივი შეიარაღებული ჯგუფების, მათ შორის ჰეზბოლას განიარაღების შესახებ", თუმცა აღნიშნა, რომ გეგმის სრული დეტალები სიღრმისეულად არ განხილულა.

მორკოსის თქმით, აღნიშნული წინადადება ასევე ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის გასვლასა და სრულ სამშვიდობო შეთანხმებას მოიცავს. აგრეთვე, გეგმა ისრაელს, სირიასა და ლიბანს შორის მუდმივი საზღვრის დადგენასა და ყველა მხარის მხრიდან შეთანხმებაზე ვალდებულების აღებას ითვალისწინებს.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მორკოსს ჰკითხეს, როგორ განხორციელდება ჰეზბოლას განიარაღება, თუ ჯგუფი უარს იტყვის თანამშრომლობაზე. მინისტრმა უპასუხა, რომ განიარაღება ლიბანის არმიის მიერ აგვისტოს ბოლომდე წარსადგენი გეგმის შესაბამისად აღსრულდება, რომელიც განიარაღების ვადებს მოიცავს და სრული პროცესის 2025 წლის ბოლომდე დასრულებას ითვალისწინებს.

Reuters-ის მიერ ნანახი ლიბანის მინისტრთა კაბინეტის დღის წესრიგის ასლის თანახმად, აშშ-ს გეგმა ჰეზბოლას განიარაღებისა და სამხრეთ ლიბანში ხუთ საკვანძო პოსტიდან ისრაელის სრული გასვლის სხვა გეგმებთან შედარებით ყველაზე დეტალურ ნაბიჯებს წარადგენს. გეგმა 4 ეტაპად იყოფა:

პირველი ეტაპი: ლიბანის მთავრობამ 15 დღის ვადაში უნდა გამოსცეს განკარგულება, რომლითაც ის 2025 წლის 31 დეკემბრამდე ჰეზბოლას სრული განიარაღების შესახებ ვალდებულებას იღებს. ამ ეტაპზე ისრაელი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო ოპერაციებს შეწყვეტს.

მეორე ეტაპი: ლიბანი ვალდებულია 60 დღის ვადაში განიარაღების გეგმის განხორციელება დაიწყოს და ლიბანის არმიის დეტალური განლაგების გეგმა დაამტკიცოს, რომელიც ყველა იარაღის სახელმწიფოს კონტროლში მოქცევას უზრუნველყოფს. ეს გეგმა განიარაღების კონკრეტულ სამიზნეებს განსაზღვრავს.

ამავე ეტაპზე ისრაელი დაიწყებს იმ პოზიციებიდან გასვლას, რომლებიც მას სამხრეთ ლიბანში უკავია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) კოორდინაციით ისრაელის მიერ დაკავებული ლიბანელი პატიმრები გათავისუფლდებიან.

მესამე ეტაპი: 90 დღის ვადაში, ისრაელი ლიბანში დაკავებულ ბოლო ორ წერტილიდან გავა. ასევე, ამ პერიოდში, ლიბანში ნანგრევების გაწმენდისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ფინანსური რესურსები მობილიზდება.

მეოთხე ეტაპი: 120 დღის ვადაში, ჰეზბოლას მფლობელობაში დარჩენილი მძიმე შეიარაღება, მათ შორის რაკეტები და დრონები, უნდა განადგურდეს. ამ ეტაპზე აშშ, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, კატარი და სხვა მეგობრული ქვეყნები ლიბანის ეკონომიკის და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად ეკონომიკურ კონფერენციას მოაწყობენ.

კომენტარები