მკლავჭიდის ფედერაცია

მკლავჭიდის ნაკრები ამ მოცემულობით ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს – ფედერაცია

საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის განცხადებით, მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლებიც 2025 წლის 10 სექტემბერს იწყება, საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს.

"2025 წლის 10 სექტემბერს იწყება მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია აცხადებს, რომ ჩვენი ნაკრები ამ მოცემულობით ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ პრესტიჟულ ტურნირში შექმნილი სიტუაციის გამო.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცია ითხოვს ფინანსური ვალდებულების შესრულებას, რომელიც 2020 წლის ბათუმის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლიდან მომდინარეობს. აღნიშნული ვალდებულება გამოწვეული იყო მაშინდელი სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების დარღვევა. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულია ან სრული ფინანსური ვალდებულების დაფარვა, ან წლიურად 30,000 ევროს საჯარიმო თანხის შენატანის განხორციელება.

დღევანდელი სპორტის სამინისტრო თავს იკავებს ფინანსური ვალდებულების ან/და ერთჯერადი საჯარიმო თანხის გადახდის შესრულებისგან და აცხადებს, რომ საკითხი სასამართლოში უნდა იქნეს გადაწყვეტილი.

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა უკვე 5 წელია გრძელდება. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ პირველი მოსმენაც კი არ ჩატარებულა, რაც შეუძლებელს ხდის სიმართლის დადგენას და სპორტული დავის მოგვარებას.

სასამართლო სისტემის უმოქმედობის გამო:

• საქართველოს უძლიერესი მკლავჭიდელები რჩებიან კონკურენციის გარეშე

• ზიანდება ქვეყნის სპორტული პრესტიჟი

• მწვრთნელებისა და სპორტსმენთა მრავალწლიანი შრომა უშედეგოდ რჩება

• ქართული სპორტის გულშემატკივრები მოკლებული არიან შესაძლებლობას ჩვენი მკლავჭიდელების და პარა-მკლავჭიდელების მხარდაჭერისგან

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემას, დააჩქაროს საქმის განხილვა და უზრუნველყოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

ქართული სპორტი და ჩვენი სპორტსმენები იმსახურებენ უკეთეს მოპყრობას.

ასევე მივმართავთ სპორტის სამინისტროს, რომ მონახოს გზა, რათა მსოფლიოს ლიდერი გუნდი არ დარჩეს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის გარეშე". - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2024 წლის 26 ივნისს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო. სამინისტრო ფედერაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა.

მაშინ მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, სოსო ჯაჭვლიანის შვილმა, ლუკა ჯაჭვლიანმა ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ "სამინისტრომ მიიღო ცილისმწამებლური გადაწყვეტილება და შეუჩერა დაფინანსება ფედერაციას. არასამართლიანად გადატყდა ჯოხი ფედერაციასა და სპორტსმენებზე".

ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის შვილის თქმით, ამჟამად მკლავჭიდის ალტერნატიული ფედერაციის დაარსებას ცდილობენ ის პირები, ვინც 2020 წლის 17 ოქტომბერს ფედერაციის გამგეობის სხდომის ძალადობრივად ჩაშლის მცდელობაში მონაწილეობდნენ. ჯაჭვლიანის თქმით, "დამფუძნებელთა შორის სამინისტროს თანამშრომლებიც არიან".

"მეორე ნაწილს რაც შეეხება, აქ საუბარი იყო მმართველობაში არსებულ პრობლემებზე. გამგეობის სხდომაზე 2020 წელს შეიჭრნენ პირები, რომლებიც ცდილობდნენ სხდომის ჩაშლას და ფედერაციას ფუნქციონირებაში ხელს უშლიდნენ, ამის ამსახველი კადრები დღემდე იძებნება ინტერნეტში.

დღეს ზუსტად ის ხალხი, ვინც იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას აყალიბებს ალტერნატიულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერს თვითონ სამინისტრო და არა მხოლოდ მხარს უჭერს, დამფუძნებელთა შორის სამინისტროს თანამშრომლები არიან. ისე გამოვიდა, რომ დაზარალებული ფედერაცია გამოვიდა დასჯილი და ვინც ხელს უშლიდა ფედერაციას ნორმალურად ფუნქციონირებაში ისინი არიან წახალისებულნი". - ამბობდა ჯაჭვლიანი.

კომენტარები