გამოცემა New York Times-მა 6 აგვისტოს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემდეგ კვირაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს და შემდეგ აპირებს, მალევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პუტინთან ერთად სამმხრივი შეხვედრა გამართოს.
თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს პუტინმა უთხრა, რომ ახლო მომავალში ტრამპთან შეხვედრა სურდა.
6 აგვისტოს მოსკოვში უიტკოფის ვიზიტის შემდეგ ტრამპმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელსაც, NYT-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უიტკოფიც ესწრებოდნენ.
ორი წყაროს მიხედვით, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრას სხვა ევროპელი წარმომადგენლების გარეშე აპირებს.
CNN-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა თავის გუნდს პუტინთან ერთი-ერთზე შეხვედრისთვისა და სამმხრივი სამიტისთვის მზადების დაჩქარება დაავალა.
თუმცა, მოგვიანებით, ოვალურ ოფისში რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა უფრო ბუნდოვანი პასუხი გასცა პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას.
"არ მინდა ვთქვა, რომ ეს... მისით აქამდე იმედგაცრუებული ვყოფილვარ," თქვა მან. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ "ძალიან კარგი პერსპექტივა" არსებობს ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით.
ხოლო კითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი მას მხოლოდ დროის გაყვანას ცდილობს, ტრამპმა უპასუხა, რომ ამის თქმა ჯერჯერობით ადრეა.
"ამ კითხვას ჯერჯერობით ვერ ვუპასუხებ. ამას რამდენიმე კვირაში, ან უფრო ნაკლებში გეტყვით. მაგრამ ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს," თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შეხვედრის გამართვას შესაძლოა, დრო დასჭირდეს.
"არ ვიცი, ეს შემდეგ კვირას მოხდება თუ - არა. მოგვიწევს, დაველოდოთ. ვფიქრობ, ეს ძლიერ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პროგრესი გვექნება," უპასუხა რუბიომ სამმხრივი სამიტის შესახებ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
ამავდროულად, 6 აგვისტოს გამოცემა Reuters-მა თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოსკოვში უიტკოფის შეხვედრის დასრულების შემდეგ 8 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება კვლავ იგეგმება.
წყარომ აღნიშნა, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა 8 აგვისტოს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ქვეყნებისთვის მეორადი სანქციების დაწესება კვლავ იგეგმება.





