უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ სატელეფონო საუბარზე ილაპარაკა. მისი თქმით, "როგორც ჩანს, რუსეთი უფრო მეტად იხრება ცეცხლის შეწყვეტისკენ".
ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში ილაპარაკა.
ზელენსკის თქმით, უიტკოფისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ტრამპთან სატელეფონო საუბარში ევროპელი ლიდერებიც მონაწილეობდნენ და ის "ყოველი მათგანის მადლობელია მხარდაჭერისთვის".
"ჩვენ განვიხილეთ, რა გაჟღერდა მოსკოვში. როგორც ჩანს, რუსეთი უფრო მეტად იხრება ცეცხლის შეწყვეტისკენ. ზეწოლა მათზე მუშაობს. თუმცა, მთავარია, რომ არაც ჩვენ და არც აშშ დეტალებში არ მოგვატყუონ". - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისა და მისი პარტნიორების საერთო პოზიცია აბსოლუტურად ცხადია: ომი უნდა დასრულდეს.
"და ეს უნდა იყოს პატიოსანი დასასრული. საუბარში მონაწილეობა". - დაამატა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პარტნიორებს უახლოეს მომავალში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მრჩევლების შეხვედრა გამართონ, რათა საერთო პოზიცია და საერთო ხედვა განავითარონ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარ დამოუკიდებლობას ნამდვილად დაიცავს და გამძლე და სანდო მშვიდობა ყველას სჭირდება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას მხარს უჭერს.
"უკრაინა ნამდვილად დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ჩვენ ყველას გვჭირდება ხანგრძლივი და სანდო მშვიდობა. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავადვე დაიწყო. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას მხარს უჭერს". - თქვა ზელენსკიმ.
ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან "პროდუქტიული შეხვედრა" ჰქონდა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
დღეს, 6 აგვისტოს, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოსკოვში მას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამის ბრაძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს რუსული ნავთობის შეძენის გამო ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რის შედეგადაც ინდოეთის საქონელზე დაწესებული ტარიფების რაოდენობა ჯამში 50% გახდა.
იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უიტკოფი რუსეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ბოლოს ის მოსკოვში აპრილის თვეში გაემგზავრა და პუტინთან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილა.
ტრამპმა გუშინ, 5 აგვისტოს, განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილებას უიტკოფის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღებს: "რუსეთთან ხვალ შეხვედრა გვექნება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ," თქვა მან.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.





