გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი დღეს, 6 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და პუტინის შეხვედრის ფონზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსეთის მიმართ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის ამოწურვამდე 2 დღით ადრე, ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მოსკოვში მას პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკურ საკითხებში, კირილ დმიტრიევი დახვდა.
შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამის ბრაძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.
ტრამპის ბრძანების შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ "ვაჭრობის მინისტრი სახელმწიფო მდივანთან, ხაზინის მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაადგენს, იძენენ თუ არა სხვა ქვეყნები რუსეთის ფედერაციის ნავთობს და პრეზიდენტს მომდევნო ქმედებებს საჭიროებისამებრ ურჩევენ".
გუშინ, 5 აგვისტოს, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილებას უიტკოფის ვიზიტის დასრულების შემდეგ მიიღებს: "რუსეთთან ხვალ შეხვედრა გვექნება და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ," თქვა მან.
იანვარში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უიტკოფი რუსეთში რამდენჯერმე ჩავიდა. ბოლოს ის მოსკოვში აპრილის თვეში გაემგზავრა და პუტინთან უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა განიხილა.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა.





