რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერები ინდოეთის სანაპირო წყლებში იცდიან

რუსული ნავთობის გადამზიდი ოთხი ტანკერი, რომლებიც ინდოეთის სანაპიროსთან გაჩერდნენ
Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდი სულ მცირე ოთხი ტანკერი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს მიმდებარე წყლებში იცდიან იმ ფონზე, როცა ინდოეთზე აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვის გამო წნეხი იზრდება. 

გემების სამეთვალყურეო მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg წერს, რომ Achilles-სა და Elyte-ს ინდოეთის ქალაქ ჯამნაგართან აქვთ ღუზა ჩაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ 30-31 ივლისს მათ ჩასვლას სიკაში მოელოდნენ.

გამოცემის მიხედვით, ხომალდები ივნისის ბოლოს პრიმორსკსა და უსტ-ლუგაში დატვირთეს, საიდანაც როგორც წესი ურალის ნედლი ნავთობის ექსპორტი ხდება. ორივე ტანკერი ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერაა დასანქცირებული. 

Bloomberg-ის მონაცემებით, კიდევ ორი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერი, Destan და Horae, ასევე ინდოეთის სანაპიროსთანაა გაჩერებული. EU-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული Destan სიკაში 24-25 ივლისს უნდა ჩასულიყო, ხოლო დაუსანქცირებელი Horae - 1-ელ აგვისტოს. 

31 ივლისს Reuters წერდა, რომ ინდოეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო გააფრთხილა და წინა კვირაში სხვა ალტერნატივებთან შედარებით რუსული ნედლი ნავთობის ფასმა იმატა.

ოთხმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გასულ კვირაში ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლებს - Indian Oil Corp-ს, Hindustan Petroleum Corp-ს, Bharat Petroleum Corp-სა და Mangalore Refinery Petrochemical Ltd-ს - რუსული ნავთობის არ შეუსყიდიათ. 

წყაროების მიხედვით, ხსენებული ოთხი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგულარულად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, თუმცა ამჯერად მის ჩასანაცვლებლად სპოტ ბაზარი აირჩიეს - მეტწილად ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ აფრიკის ნავთობი. 

Reuters-ის ცნობით, ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი შემსყიდველები კერძო ნავთობგადამამუშავებლები - Reliance Industries და Nayara Energy - არიან, თუმცა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ქვეყანაში ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობის 60%-ს აკონტროლებენ.

ინდოეთი მსოფლიოს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის სიდიდით რიგით მესამე ქვეყანაა და ზღვით გადაზიდული რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველია. 

კომენტარები