გერმანიის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, იანვარი-ივლისის მონაკვეთში ბუნდესვერში ჯარისკაცთა გაწვევის მაჩვენებელი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა.
თავდაცვის სამინისტრომ 31 ივლისს განაცხადა, რომ ბუნდესვერს - ქვეყნის არმიას, საჰაერო, საზღვაო და სხვა ტიპის ძალებს - ზემოხსენებულ პერიოდში 13 700 ადამიანი შეუერთდა, რაც სამინისტროს მიხედვით, ყველაზე მკვეთრი მატებაა ბოლო წლების განმავლობაში.
Reuters-ის ცნობით, გერმანიას სურს, რომ ამჟამინდელ 183 000-თან შედარებით, 2030-იანი წლებისთვის 260 000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდეს, რათა NATO-ს ძალების სტანდარტები დააკმაყოფილოს და საკუთარი თავდაცვა გააძლიეროს, რაც მიმდინარე წელს დაგეგმილი სამხედრო ბიუჯეტის ზრდის შემადგენელი ნაწილია.
სამინისტროს თქმით, ასევე გაიზარდა შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების კუთხით მოქალაქეთა ინტერესიც: 11%-ით იმატა საწყისი კონსულტაციების რაოდენობამ, ხოლო მიღებული განაცხადების რიცხვი 8%-ით გაიზარდა. ამასთან, სამოქალაქო სექტორში სამუშაოს მაძიებელთა განაცხადების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა.





