აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი

ახალი $3.5-მილიარდიანი კონტრაქტის ფარგლებში აშშ AMRAAM-ის რაკეტებს უკრაინასაც გაუგზავნის

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ამერიკულ კომპანია Raytheon-ს საშუალო რადიუსის "ჰაერი-ჰაერი" (Air-to-Air) რაკეტების (AMRAAM) წარმოებისთვის 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, რაც ამ პროგრამის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტია.

გარიგება ასევე რამდენიმე ქვეყანასთან სამხედრო იარაღის ექსპორტს ითვალისწინებს, მათ შორის: იაპონიასთან, კანადასთან, გერმანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და უკრაინასთან.

"გლობალური კონფლიქტების გაძლიერების ფონზე და საჰაერო საფრთხეების გართულების პირობებში, AMRAAM მოკავშირე ძალებს ბრძოლაში გადამწყვეტ უპირატესობას კვლავ აძლევს" – განაცხადა სემ დენეკემ, Raytheon-ის საჰაერო და კოსმოსური თავდაცვის სისტემების პრეზიდენტმა.

"ეს კონტრაქტი ხაზს უსვამს მეხუთე თაობის AMRAAM-ის კრიტიკულ როლს საჰაერო უპირატესობის შესანარჩუნებლად და უზრუნველყოფს, რომ ჩვენი სამხედროები აღჭურვილნი იყვნენ მოწინავე ტექნოლოგიით."- დაამატა მან

AMRAAM ამჟამად 14 სხვადასხვა პლატფორმაზეა ინტეგრირებული და 44 ქვეყანაში გამოიყენება.

კომენტარები