ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრ დე მორაეშს, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ საქმეს განიხილავს, მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა.
აშშ მორაეშს წინასწარი პატიმრობის უსამართლოდ შეფარდების პრაქტიკასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მოიცავს ადამიანების უფლებების დარღვევისა ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
"დე მორაეში პასუხისმგებელია ცენზურის, ადამიანის უფლებების შემლახავი უსამართლო დაკავებებისა და პოლიტიზებული სამართლებრივი დევნის, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგაც, დესპოტურ კამპანიაზე ". - წერია აშშ-ს ხაზინის განცხადებაში.
დაწესებული სანქციებით, მორაეშის ყველა ქონება და აქტივი, რომელიც აშშ-შია, გაიყინება და და გადაეცემა აშშ-ს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს, ხოლო აშშ-ს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მასთან საქმიანი ურთიერთობები აეკრძალებათ.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ ამჟამად 2022 წლის არჩევნების შედეგების გასაუქმებლად დაგეგმილ შეთქმულებაში მისი სავარაუდო როლზე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.
გასულ თვეს მორაეშმა ბოლსონაროსთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შესახებ ბრძანება გასცა და მას უზენაეს სასამართლოში ტრამპის ჩარევის ბრალდებით უცხოელ მაღალჩინოსნებთან კონტაქტი და სოციალური ქსელის გამოყენება აუკრძალა.
ბოლსონარომ მორაეშს "დიქტატორი" უწოდა და სასამართლოს გადაწყვეტილება "ლაჩრობად" მოიხსენია. ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებას უარყოფს.
ბოლოდროინდელი შეზღუდვების შემდეგ ვაშინგტონმა 18 ივლისს ბრაზილიის უზენაეს სასამართლოზე ზეწოლა გაზარდა და მორაეშს, მის ოჯახსა და სასამართლოს სხვა დაუსახელებელ წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ აშშ-ს ნაბიჯებს "უსამართლო" და "უსაფუძვლო" უწოდა და თქვა, რომ სასამართლო შტოს საქმიანობაში უცხოური ჩარევა "მიუღებელია".
პარალელურად, ტრამპმა ბრაზილიას დამატებით 40%-იანი ტარიფები დაუწესა, რითაც ბრაზილიის წინააღმდეგ აშშ-ს ჯამური ტარიფები 50%-მდე ავიდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ტრამპმა წერილი გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ბრაზილიისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავდა.
წერილში ტრამპი ბრაზილიას აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებზე "თავდასხმებში" და ყოფილი მემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებდა.





