უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულ მასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ქიმიური იარაღი 10 000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა.
უწყების ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა არაერთხელ გამოიყენეს აკრძალული ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის, K-51, RGR და RG-VO-ს ტიპის აეროზოლის ყუმბარები, რომლებიც აკრძალული გამაღიზიანებლებით CS-ით (ქლორბენზილიდენ მალონიტრილი) და CN-ით (ქლოროაცეტოფენონი) იყო დატენილი.
მსგავსი ტიპის ქიმიური ნივთიერებების გამოყენება 1993 წლის ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის ფარგლებშია აკრძალული, რომლის რატიფიცირებაც, მათ შორის, რუსეთმაც მოახდინა.
უსაფრთხოების სამსახურის, თქმით გამოყენების ყველაზე გავრცელებული მეთოდი პირველი პირის ხედვის (FPV) მქონე დრონებით ქიმიური საბრძოლო მასალის პირდაპირ უკრაინის თავდაცვითი პოზიციებისკენ სროლას მოიცავს.
აფეთქებისას ეს ნივთიერებები თვალებისა და სასუნთქი სისტემის ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, რაც უკრაინელ ჯარისკაცებს ხშირად აიძულებს დატოვონ პოზიციები.
მანამდე, 4 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ქიმიური ნივთიერება ქლოროპიკრინის გამოყენება დაიწყო, რომელსაც დახურულ სივრცეში სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია.
ქლოროპიკრინის გამოყენების შესახებ ცნობები 2024 წლის მაისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა და სწორედ მისი გამოყენება დაასახელა 280 რუსეთის მოქალაქისა და კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ერთ-ერთ მიზეზად.





