თბილისის მერია

კალაძე: მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების ახალ პროგრამას ვიწყებთ

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია მცირე და მიკრო ბიზნესის თანადაფინანსების ახალ პროგრამას იწყებს.

"მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. პროგრამის ფარგლებში ის მოქმედი მეწარმე, იურიდიული ან ფიზიკური პირები დაფინანსდებიან, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება. დაფინანსებას ექვემდებარება როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა - მანქანა-დანადგარები, ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია. 

ეს გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდათ. დაფინანსება მათ საშუალებას მისცემს, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა მოიპოვონ, წარმოების პროცესი გააუმჯობესონ, დასაქმებულების რაოდენობა გაზარდონ და მომხმარებლებს უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი მიაწოდონ". - თქვა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალურ ოდენობად 20 000 ლარი განისაზღვრა. მისივე თქმით, თანადაფინანსებაში განმცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა კი ასე გადანაწილდა:

  • 5 000 ლარამდე თანამონაწილეობა განსაზღვრულია მოთხოვნილი თანხის 10%-ით;
  • 5 000-დან 20 000 ლარამდე თანამონაწილეობა კი მოთხოვნილი თანხის 15%-ს შეადგენს.

კალაძე ამბობს, რომ ბენეფიციარებს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევენ.

"შერჩევისას უპირატესობა იმ კანდიდატებს მიენიჭებათ, რომლებსაც აქტიური საწარმო აქვთ და რეალურ, კონსტრუქციულ გეგმას წარმოადგენენ იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც მათი ბიზნესსაქმიანობის წინსვლას არსებითად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს. 

განსაკუთრებული ყურადღება იმ განაცხადებს დაეთმობა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია პროდუქციის ხარისხს გააუმჯობესებს ან მისი წარმოების მოცულობას გაზრდის და დამატებით ღირებულებას შექმნის". - თქვა კალაძემ.

პროგრამის ფარგლებში, განცხადებების მიღება დღეიდან, 30 ივლისიდან დაიწყება და მომდევნო 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

კომენტარები