ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ივანიშვილის საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
"გუშინ დასავლეთის მიერ სანქცირებული ხელისუფლება ჩინეთში გაიძურწა. ოფიციალური ვიზიტისას ქართული ოცნების პარტიული დროშა იყო გამოფენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება ეწვია. დადებითია, რომ როგორც იქნა, ბატონი გია ვოლსკი საკუთარ კომუნისტურ ფესვებს დაუბრუნდა, თუმცა სავალალოა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ჩინეთის დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად წარმოჩენას ცდილობს. კომუნისტური ჩინეთი ევროკავშირისა და NATO-ს საპირწონე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი და როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არ და ვერ იქნება.
წმინდად კომუნისტურ ტრადიციაში ქოცები გვამცნობენ, რომ თურმე, პარტიების შეხვედრის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქართული ოცნების რუსულ-ჩინურ მენტალობაში პარტია და სახელმწიფო ერთმანეთში ტოტალურად აღრეულია". - თქვა გეგელიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ქართული ოცნების გვერდმა სოციალურ ქსელში განცხადება 27 ივლისს გაავრცელა.





