ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი კიევში უკრაინელ სამხედროს, არტიომ ბურიუკს შეხვდა, რომელმაც ოჯახი ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაკარგა.
არტიომის 7 წლის ქალიშვილი, ნასტია ბურიუკი, ისრაელში ოჯახთან ერთად ავთვისებიან სიმსივნეზე სამკურნალოდ იყო ჩასული. ნასტია 13 ივნისს ისრაელზე ირანის საჰაერო იერიშის დროს დედამისთან, ბებიამისთან და ორ ძმასთან ერთად ბათ-იამში საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა - იერიშის შედეგად ყველანი დაიღუპნენ.
ნასტია ბურიუკს 2022 წელს ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სისხლსა და ძვლის ტვინზე მოქმედებს. ბურიუკს უკრაინაში ქიმიოთერაპია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა თავდაპირველად გაუმჯობესდა, თუმცა მოგვიანებით სიმსივნემ რეციდივი განიცადა.
ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად ბურიუკის ოჯახი საქველმოქმედო შემოწირულებების დაფინანსებით გოგოს სამკურნალოდ ისრაელში ჩავიდა, სადაც მას ძვლის ტვინი გადაუნერგეს.
ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და ბურიუკს ლეიკემია შეუბრუნდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ოჯახი ისრაელში გოგოს ხელახლა სამკურნალოდ დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს სწამდა, რომ რუსული იერიშების გამო ისრაელში ოდესაზე უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ.
ნასტია ბურიუკის ორი ძმა, 9 წლის კონსტანტინი და 13 წლის ილია, ადგილობრივ სკოლაში სწავლობდნენ.





