რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული ნავთობის სანქცირება რეალური შესაძლებლობაა – აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი

 REUTERS/Nathan Howard/File Photo 

აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ვრაითმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად რუსული ნავთობისთვის სანქციების დაწესება "ძალიან რეალური შესაძლებლობაა".

ამის შესახებ ვრაითმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ეს რუსეთზე დიდი ზეწოლაა. ყველაზე დიდი ზეწოლაა, რომელიც მათზე შეგიძლია [...] ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რეალური შესაძლებლობაა". - თქვა ვრაითმა.  

ვრაითმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელია, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ გადადგას ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც აქამდე არ შეეძლო. 

"საბედნიეროდ, სადაც დღეს ვდგავართ, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ვართ, მსოფლიოში ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ვართ, დღეს შეგვიძლია ისეთი რაღაცები გავაკეთოთ, რაც აქამდე არ შეგვეძლო". - თქვა ვრაითმა. 

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "თუ 50 დღეში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს" და რუსულ ნავთობზე 100%-იან ტარიფს დააწესებს. 

გარდა ამისა, აშშ და NATO უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ტრამპის თქმით, ის იმედგაცრუებულია პუტინით, რადგან მას ომის დასრულება არ უნდა. სწორედ ამიტომ, აშშ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს მიაწვდის მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება რუსეთის იერიშების მოსაგერიებლად. 

კომენტარები