ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, სადაც ის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და უკრაინაში ებრაულ თემს მოინახულებს.
საარის უწყების მიხედვით, მინისტრი კიევში ცოტა ხნის წინ დაეშვა და ვიზიტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეხვედრების პარალელურად გავრცელდება.
ისრაელური მედია წერს, რომ ეს ისრაელელი მაღალჩინოსნის მხრიდან უკრაინაში გამართული ყველაზე მაღალი დონის ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2023 წლის თებერვალში საარის წინამორბედი, ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრი, ელი კოენი, უკრაინაში ჩავიდა.
Times of Israel-ის ინფორმაციით, საარი უკრაინაში ერთი დღით დარჩება და სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. ამასთან, გამოცემა უკრაინელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში საარის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და უკრაინის საგარეო მინისტრთან, ანდრიი სიბიჰასთან შეხვედრაა მოსალოდნელი.
ამასთან, წყაროს თქმით, ისრაელის საგარეო მინისტრი შეხვდება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესა და ადგილობრივ ებრაულ თემს.





