გერმანელი გენერალ-მაიორის, ქრისტიან ფროიდინგის თქმით, რუსეთი უკრაინაზე ერთდროულად 2 000 დრონით თავდასხმას გეგმავს.
ფროიდინგის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აფართოებს საკუთარ საწარმოო შესაძლებლობებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში დრონების მასობრივი გამოყენება შეძლოს. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი უკრაინაში 2 000 დრონის ერთდროულ გაშვებას გეგმავს, რამაც შესაძლოა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადატვირთოს.
გენერალმა ხაზი გაუსვა "გონივრული საწინააღმდეგო ზომების" განვითარების აუცილებლობას, რადგან ტრადიციული საშუალებების, როგორიცაა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები, გამოყენება Shahed-ის ტიპის დრონებზე ლოგიკური პასუხი არ არის, რომელთა ღირებულება 30 000–50 000 ევროს შორის მერყეობს, მაშინ როცა ერთი Patriot-ის რაკეტა 5 მილიონ ევროზე მეტი ღირს.
ფროიდინგის შეფასებით, უკრაინას დრონების საწინააღმდეგოდ დაბალფასიანი გადაწყვეტილებები სჭირდება, რომელთა ღირებულება 2 000–4 000 ევრო იქნება, რათა მასშტაბური თავდასხმები ეფექტურად შეაჩეროს.
დრონების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად ფროიდინგმა ასევე რუსეთის სიღრმეში სამხედრო თვითმფრინავებზე, აეროდრომებსა და სამხედრო წარმოების ქარხნებზე დარტყმები აღნიშნა.
მან ასევე თქვა, რომ ჩინეთმა უკრაინისთვის დრონების კომპონენტების მიწოდება შეწყვიტა და ახლა მათ ექსკლუზიურად რუსეთს აწვდის.
"ამ ეტაპზე ვითარება ასეთია - ჩინეთი ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთს აწვდის ექსპორტს, ხოლო უკრაინა ამ ბაზრიდან გათიშულია" - განაცხადა ფროიდინგმა.





