აშშ-ში, ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის მოსამზადებელ ცენტრში, ბისკაილუზის სახელობის ცენტრის მოსამზადებელ აკადემიაში აფეთქების შედეგად სამი სამართალდამცავი დაიღუპა.
ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტის ცნობით, ცენტრში აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.
ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას თანახმად, აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს "იზოლირებული შემთხვევა" იყო და დამატებით არავინ დაშავებულა.
ლუნამ დაამატა, რომ აფეთქების შედეგად დაღუპული სამართალდამცავები "შესანიშნავი ექსპერტები" და დეპარტამენტის ვეტერანები იყვნენ და უწყებაში მსახურობის 19-იდან 33 წლამდე გამოცდილება ჰქონდა.
სამივე დაღუპული პირი შერიფის დეპარტამენტის ცეცხლის წაკიდების შემთხვევებისა და ასაფეთქებლების დანაყოფში მუშაობდა.
CBS წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის დროს სამართალდამცავები ყუმბარის უვნებელყოფაზე მუშაობდნენ, როდესაც ის აფეთქდა. გამოცემა ასევე წერს, რომ ყუმბარა შერიფის დეპარტამენტის ბომბების დანაყოფმა სანტა-მონიკაში მდებარე გარაჟიდან 17 ივლისს ამოიღო და მომდევნო დღეს მოსამზადებელ ცენტრში გადაიტანა.
შემთხვევის ადგილი ევაკუირებულია და შემოფარგლულია. ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს. დეპარტამენტს გამოძიებაში აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურო (FBI) და ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღებისა და ასაფეთქებლების ბიურო ეხმარება.
"უნდა დავბრუნდეთ და გამოვიძიოთ, რა მოხდა დასაწყისიდან". - თქვა ლუნამ.
სამართალდამცავთა ცნობით, აფეთქება ცენტრის ავტოსადგომში მოხდა.
აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ დაწერა, რომ ადგილზე მობილიზებულები არიან ფედერალური აგენტები, რომლებიც შემთხვევას იკვლევენ.
"კალიფორნიის შტატის აშშ-ს პროკურორს, ბილ ესეილის ველაპარაკე იმაზე, რაც, როგორც ჩანს, საზარელი უბედური შემთხვევაა, რომელმაც ლოს-ანჯელესში სამართალდამცავთა მოსამზადებელ ცენტრში, სულ მცირე, სამი პირი იმსხვერპლა. ჩვენი ფედერალური აგენტები ადგილზე არიან და ვმუშაობთ, რათა მეტი გავარკვიოთ". - წერს ბონდი.





