ჰამასის მძევლები

ტრამპი: ძალიან მალე ჰამასის ტყვეობიდან კიდევ 10 მძევალი გათავისუფლდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Jonathan Ernst/Reuters/File

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში კიდევ 10 მძევალი გათავისუფლდება ღაზადან. მან დამატებითი დეტალები არ გაახმოვანა.

ტრამპმა ეს კომენტარი თეთრ სახლში საკანონმდებლო წარმომადგენლებთან ერთად ვახშმის დროს გააკეთა, სადაც ის თავისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის, ძალისხმევაზე საუბრობდა.

"მძევლების უმეტესობა უკვე დავაბრუნეთ. ძალიან მალე კიდევ 10 ადამიანი დაბრუნდება და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი მალე დასრულდება" - თქვა ტრამპმა.

Reuters აღნიშნავს, რომ 6 ივლისიდან ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები დოჰაში მორიგი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სადაც აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი 60-დღიანი ზავის წინადადება განიხილება.

18 ივლისს ჰამასის შეიარაღებული ფრთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად ჯგუფს დროებითი ზავის მიღწევა ურჩევნია, თუმცა მზად არის კვლავ დაჟინებით მოითხოვოს სრული შეთანხმების პაკეტი, თუ მიმდინარე მოლაპარაკებებით დროებით ზავზე შეთანხმება ვერ მოხდება.

ზავის წინადადება 60 დღის განმავლობაში 10 მძევლის და 18 ცხედრის დაბრუნებას ითვალისწინებს. ამის სანაცვლოდ, ისრაელი დაკავებულ პალესტინელებს გაათავისუფლებს.

კომენტარები