რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

WP: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ომის კურსის შესაცვლელად შეტევაზე გადასვლაა საჭირო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

გამოცემა Washington Post უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ 4 ივლისს გამართული სატელეფონო ზარისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ თავდაცვით პოზიციაში ყოფნით უკრაინა ომის კურსს ვერ შეცვლის და უკრაინის მხრიდან თავდასხმაზე გადასვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მაღალჩინოსნის თქმით, როდესაც ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას მოსკოვის ან სანქტ-პეტერბურგის დაბომბვა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "შეგვიძლია, თუკი შესაბამისი შეიარაღება გვექნება."

თავდაპირველად ეს ინფორმაცია გამოცემა Financial Times-მა საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

მოგვიანებით, აღნიშნულ ზართან დაკავშირებით კითხვაზე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ზელენსკიმ "მოსკოვი მიზანში არ უნდა ამოიღოს". ხოლო თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლივიტმა დაადასტურა, რომ ტრამპმა ზელენსკის ეს კითხვა მართლაც დაუსვა, თუმცა განმარტა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს მხოლოდ ინფორმაციის მიღება სურდა. 

სტატიაში ასევე ხაზგასმულია თებერვალში თეთრ სახლში მომხდარი მწვავე შეკამათების შემდეგ ტრამპსაა და ზელენსკის შორის ურთიერთობების აღდგენაში ევროპელი ლიდერების მნიშვნელოვანი როლი. 

გამოცემის მიხედვით, უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ზელენსკის გამუდმებით აძლევდნენ რჩევებს ტრამპთან მიმართებით ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით. გამოცემის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტთან განსაკუთრებული დახმარება ზელენსკის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, კირ სტარმერმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გაუწიეს. 


გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საჰაერო იერიშების კადრების ყურების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა ვლადიმირ პუტინის მიმართ და მას უკრაინაში გასაგზავნად Patriot-ის ხუთი სისტემის მიყიდვა შესთავაზა.

წყაროების თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი გაკვირვებული დარჩა ტრამპის სიტყვებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინის მიმართ მოთმინება დაკარგა. ორი მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპმა მერცს უთხრა, რომ ახლა მზად იყო, მიეღო რამდენიმე დღის წინ მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც გერმანიის დაფინანსებით უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემების შესყიდვას გულისხმობდა.

გამოცემის მიხედვით, გერმანია, დიდი ალბათობით, თავის ორ Patriot-ის სისტემას გაუგზავნის უკრაინას და ჩასანაცვლებელ სისტემებს აშშ-ს $2 მილიარდად შეუკვეთს. ამასთან, ნორვეგია უკრაინისთვის კიდევ ერთ სისტემას იყიდის, ხოლო NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სხვა პოტენციურ კონტრიბუტორებად კანადა, დანია და ფინეთი დაასახელა. 

ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან. 

თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან. 

ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. 

თავის მხრივ, რუსეთში ტრამპის განცხადებებს "სერიოზული" უწოდეს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების გასაანალიზებლად დრო "უპირობოდ" სჭირდებათ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათ სურთ, გაიგონ, თუ "რით ხელმძღვანელობს აშშ-ს პრეზიდენტი."

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, გავიგოთ, რა დგას ტრამპის მიერ 50 დღეზე გაკეთებული განცხადების უკან. ადრე ყოფილა 24 საათი, 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს." - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები