აშშ-ს ევროპული სარდლობის მეთაურმა და NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესმა მეთაურმა ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტ ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ მას დავალებული აქვს, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს.
"გერმანელებთან ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Patriot-ების გასაგზავნად. დამავალეს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს." - თქვა გენერალმა გრინკევიჩმა 17 ივლისს გერმანიის ქალაქ ვისბადენში გამართულ კონფერენციაზე.
"ამ ყველაფრის დეტალებზე არ ვისაუბრებ. არ ვაპირებ, რუსებს ან ნებისმიერ სხვას ვუთხრა, შეიარაღების ზუსტი რაოდენობა, რასაც [უკრაინას] ვუგზავნით ან როდის მოხდება ეს," დაამატა მან.
გრინკევიჩის თქმით, მოკავშირეები ასევე განიხილავენ "სხვა შესაძლებლობებსა და არსებულ საჭიროებებს, და ვმუშაობთ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენაზე."
NATO-ს უმაღლესმა სარდალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კუთხით არსებობს ასევე თანმიმდევრობის საკითხიც.
"მდივანმა რუბიომ ახლახან ილაპარაკა ევროპაში არსებული შესაძლებლობების შესახებ, რომელთა გაგზავნაც უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე წარმოების ხაზიდან მიწოდება, ხოლო წარმოების ხაზის გამოყენება სხვების მიერ გადაცემული [სამხედრო] შესაძლებლობების შესავსებად შეიძლება." - თქვა მან.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საჰაერო იერიშების კადრების ყურების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა ვლადიმირ პუტინის მიმართ და მას უკრაინაში გასაგზავნად Patriot-ის ხუთი სისტემის მიყიდვა შესთავაზა.
წყაროების თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი გაკვირვებული დარჩა ტრამპის სიტყვებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინის მიმართ მოთმინება დაკარგა. ორი მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპმა მერცს უთხრა, რომ ახლა მზად იყო, მიეღო რამდენიმე დღის წინ მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც გერმანიის დაფინანსებით უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემების შესყიდვას გულისხმობდა.
გამოცემის მიხედვით, გერმანია, დიდი ალბათობით, თავის ორ Patriot-ის სისტემას გაუგზავნის უკრაინას და ჩასანაცვლებელ სისტემებს აშშ-ს $2 მილიარდად შეუკვეთს. ამასთან, ნორვეგია უკრაინისთვის კიდევ ერთ სისტემას იყიდის, ხოლო NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სხვა პოტენციურ კონტრიბუტორებად კანადა, დანია და ფინეთი დაასახელა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან.
თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან.
ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.
თავის მხრივ, რუსეთში ტრამპის განცხადებებს "სერიოზული" უწოდეს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების გასაანალიზებლად დრო "უპირობოდ" სჭირდებათ.





