რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Telegraph: პუტინის წინააღმდეგ ტრამპის დარწმუნებაში რუბიომ და კელოგმა მთავარი როლი შეასრულეს

გამოცემა Telegraph-ის წყაროების მიხედვით, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დარწმუნებაში უმთავრესი როლი უკრაინაში თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კით კელოგმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეასრულეს.

14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან.  მან ასევე რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ტრამპი ვლადიმირ პუტინის მიმართ დღითიდღე უკმაყოფილო ხდებოდა, Telegraph აშშ-ს კონგრესიდან წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამის პარალელურად ტრამპის ადმინისტრაციის რესპუბლიკელი "ქორები" თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმაში დაერწმუნებინათ. 

გამოცემის მიხედვით, ამ ძალისხმევაში მთავარი წვლილი გენერალმა კით კელოგმა შეიტანა, რომელიც უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელია. 

"მოლაპარაკებების პროცესის შეფერხებისა და პუტინის მხრიდან გაძლიერებული იერიშების ფონზე, გენერალმა კელოგმა ტრამპს მოსკოვთან მიმართებით უფრო ხისტი პოზიციის დაკავებისკენ უბიძგა," წერს Telegraph. 

გამოცემას ამერიკელი კონგრესმენის თანაშემწემ განუცხადა, რომ "ბოლო პერიოდში გენერალი კელოგი აღმავალ გზაზეა". "ის და რუბიო ახალ მიდგომას ხელმძღვანელობენ," დაამატა მან. 

დიპლომატიური წყაროს თქმით, გენერალი კელოგის "როლი ბოლო კვირების განმავლობაში უფრო დიდი გახდა," ხოლო უიტკოფი ირანთან წარუმატებელ ბირთვულ მოლაპარაკებებშია ჩაფლული. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გადაჭრის ტრამპისეულ სტრატეგიასთან დაკავშირებით 2023 წლის სტატიაში What Donald Trump's Ukraine Strategy Could Look Like (როგორი შეიძლება იყოს ტრამპის უკრაინის სტრატეგია) კელოგის პოზიცია შემდეგნაირი იყო: 

"ტრამპს უთქვამს: "მე ვეტყოდი პუტინს - თუ არ დადებთ გარიგებას, მაშინ ჩვენ უკრაინას, საჭიროების შემთხვევაში, იმაზე მეტს მივცემთ, ვიდრე მათ ოდესმე მიუღიათ". - წერდა კელოგი სტატიაში, რითაც მიანიშნებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას იმაზე მეტად დაეხმარებოდა, ვიდრე ოდესმე, თუკი პუტინი სამშვიდობო შეთანხმებას არ დადებდა. 

"ტრამპის წარსული ქმედებები მეტყველებენ, რომ მისი ეს მუქარა სანდოა. [პრეზიდენტობის დროს] ტრამპმა აჩვენა, რომ მას სურს დაარღვიოს საზღვრები. [...] თუ პუტინი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, ტრამპმა შეიძლება ბაიდენის მიერ იარაღზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოუხსნას უკრაინას და მიაწოდოს მას ის იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის სჭირდება, მათ შორის, შორი რადიუსის იარაღი, რომლითაც [უკრაინა] რუსეთსა და ყირიმზე დარტყმას შეძლებს. თუ პუტინი ძვირადღირებული სამხედრო დამარცხების პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდება, ის დიდი ალბათობით მოლაპარაკებებს ამჯობინებს". - წერდა კელოგი.

Telegreph-ის მიხედვით, კიდევ ერთი პირი, რომელიც რუსეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკის ცვლილების მამოძრავებელია, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოა, რომელმაც წარსულში პუტინს "ომის დამნაშავე," "განგსტერი," და "ავაზაკი" უწოდა. წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობამ მას ჩარევის საშუალება მისცა, როცა პუტინმა ბოლო კვირებში უკრაინულ ქალაქებზე იერიშები გააძლიერა. 

ამასთანავე, გამოცემასთან საუბრისას წყაროებმა განაცხადეს, რომ კონგრესში რესპუბლიკელების მიხედვით, ტრამპზე გავლენა ყოველთვის ყველაზე ხმამაღლა მყვირალა ადამიანების აზრებს არ აქვთ, რაშიც რესპუბლიკელთა იზოლაციონისტური ფრთა იგულისხმება, რომელიც უმცირესობას წარმოადგენს.

წყაროები ამბობენ, რომ ტრამპი "რეალისტი და პრაგმატისტია," რაც "იდეოლოგიურ სხვაობას" წარმოადგენს რესპუბლიკელ იზოლაციონისტებთან შედარებით. 

ამას გარდა, გამოცემა Times წერს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გაგზავნისა და კრემლისადმი ულტიმატუმის წაყენების გადაწყვეტილების მიღებაში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპზე გავლენა, შესაძლოა, პირველ ლედის, მელანია ტრამპსაც ჰქონდა. 

რა როლი ჰქონდა აშშ-ს პირველ ლედის პუტინის წინააღმდეგ ტრამპის დარწმუნებაში

გამოცემის მიხედვით, ბოლო დღეებში გაირკვა, რომ ყოფილ იუგოსლავიაში გაზრდილი პირველი ლედი თავის ქმარს, დონალდ ტრამპს, ხშირად ახსენებდა უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სასიკვდილო დარტყმების შესახებ. 

"სახლში მივდივარ, პირველ ლედის ვეუბნები, "დღეს ვლადიმირს ველაპარაკე, შესანიშნავი საუბარი გვქონდა-მეთქი," და ის ამბობს, "მართლა? ახლახან კიდევ ერთ ქალაქს დაარტყესო." - გაიხსენა პრეზიდენტმა ტრამპმა 14 ივლისს ოვალურ ოფისში საუბრისას. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მიერ გამოცხადებული გეგმის ფარგლებში, აშშ პირველ ეტაპზე NATO-ს მოკავშირეებს დაახლოებით $10 მილიარდის ღირებულების შეიარაღებას მიყიდის, რაც საბოლოოდ უკრაინას გადაეცემა. Axios-ის ცნობით, აღნიშნული გეგმა რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის იარაღსა და საარტილერიო ჭურვებს მოიცავს. 

კომენტარები