აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და სხვა სახის იარაღი უკვე გზაშია.
"[უკრაინისთვის იარაღი] უკვე გზაშია," უპასუხა ტრამპმა რეპორტიორის კითხვას, რომელიც Patriot-ის რაკეტებსა და სხვა შეიარაღება ეხებოდა.
"ეს გერმანიიდან იგზავნება და შემდეგ გერმანია ანაცვლებს. ყველა შემთხვევაში, აშშ-ს სრულად უნაზღაურდება თანხაა." - დაამატა მან.
ცნობისთვის, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან.
თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან.
ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.
თავის მხრივ, რუსეთში ტრამპის განცხადებებს "სერიოზული" უწოდეს. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მათ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებების გასაანალიზებლად დრო "უპირობოდ" სჭირდებათ.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ პუტინი ტრამპის განცხადებების შესახებ კომენტარს თავად გააკეთებს "თუკი და როდესაც" ამას საჭიროდ ჩათვლის.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მათ სურთ, გაიგონ, თუ "რით ხელმძღვანელობს აშშ-ს პრეზიდენტი."
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, გავიგოთ, რა დგას ტრამპის მიერ 50 დღეზე გაკეთებული განცხადების უკან. ადრე ყოფილა 24 საათი, 100 დღეც, ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს." - განაცხადა ლავროვმა.
ხოლო ლავროვის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ვადის დაწესებას "ძალიან უცნაური" უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე "ერთი მხარე დღემდე არ არის წარმოდგენილი – ეს არის უკრაინული მხარე". მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან "მხოლოდ რუსეთზე ზეწოლა მათი მშვიდობისადმი ნამდვილი ერთგულების ნაკლებობას ადასტურებს".





