საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პასუხად "ყველა ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც". მისივე თქმით, დღეს "ქართულ ოცნებას" უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით წერილს გაუგზავნიან - მასში მოცემული იქნება პირობები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება მოუწევთ.
ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე ილაპარაკა.
"განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტებიც, რომლებიც საქართველოს მთავრობას გათვლებს შეაცვლევინებს. [...]
დღეს საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ, მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს". - თქვა კალასმა.





