აშშ-ირანის მოლაპარაკებები

არაღჩი: თავდაუსხმელობის გარანტიის შემთხვევაში აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკებები განახლდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი

12 ივლისს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად იქნება, თუკი მიეცემა გარანტია, რომ მის წინააღმდეგ იერიშებს აღარ მიიტანენ. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია იუწყება.

არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანი ყოველთვის მზად იყო და მომავალშიც მზად იქნება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის, თუმცა "უნდა არსებობდეს გარანტია, რომ მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში, ეს პროცესი ომამდე არ მიგვიყვანს".

არაღჩიმ ისრაელისა და აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე განაცხადა, რომ თუ აშშ და სხვა ქვეყნები მოლაპარაკებების განახლებას აპირებენ, "უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მკაფიო გარანტია, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდება. ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევამ მოლაპარაკებების გზით [პრობლემის] გადაწყვეტის შესაძლებლობა უფრო რთული და კომპლექსური გახადა".

დარტყმების შემდეგ, ირანმა შეაჩერა თანამშრომლობა გაეროს ბირთვულ სააგენტოსთან, რის შედეგადაც ინსპექტორები ქვეყნიდან გავიდნენ.

არაღჩის თქმით, ირანის კანონმდებლობისა და ინტერესების შესაბამისად, ქვეყანა სააგენტოს თანამშრომლობის თხოვნებზე თანმიმდევრულად პასუხობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ინსპექცია ირანის "უსაფრთხოების ხედვისა" და ინსპექტორების უსაფრთხოების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

"რადიოაქტიური მასალების გავრცელების რისკი და ობიექტებზე ომიდან დარჩენილი საბრძოლო მასალის აფეთქების საფრთხე სერიოზულია" - განაცხადა არაღჩიმ.

კომენტარები