რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

EU-მ თარჯიმანს აკრედიტაცია შეუჩერა – ეჭვობენ, რომ ზელენსკიზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიამ ფრანგ-უკრაინელ თარჯიმანს აკრედიტაცია შეუჩერა, რადგან ეჭვობდნენ, რომ ის საიდუმლოდ იწერდა იმ შეხვედრებს, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა. 

ფრანგული გამოცემა Le Monde-ის ცნობით, ევროკომისიის თარჯიმანი 2024 წლის 19 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებსა და ზელენსკის შორის გამართულ დახურულ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყებამდე შედგა. 

შეხვედრაზე ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადეს, მათ შორის, შეიარაღების შესყიდვითაც და ენერგო ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით.

თუმცა, Le Monde-ის მიხედვით, შეხვედრაზე ჩეხმა თარჯიმნებმა შენიშნეს, რომ მათი კოლეგა, რომელიც ფრანგულიდან უკრაინულ ენაზე თარგმნიდა, მონაწილეების საუბარს იწერდა. გამოცემის ცნობით, თარჯიმნებს სასტიკად აქვთ აკრძალული დახურული შეხვედრების დროს საუბრის ჩაწერა ან ხელით ჩანაწერების გაკეთება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ბრიუსელში უსაფრთხოების სამსახურს აცნობეს, რის შემდეგაც თარჯიმანს აკრედიტაცია შეუჩერეს, ხოლო გაკეთებული ჩანაწერები ჩამოართვეს. 

ამის შემდეგ ევროკომისიამ თარჯიმანთან თანამშრომლობა შეწყვიტა და შიდა გამოძიება დაიწყო, რომლის შედეგებიც ბელგიის მთავრობას გადასცას. ბელგია ახლა პასუხისმგებელი იქნება, განსაზღვროს, აწარმოებდა თუ არა თარჯიმანი ჯაშუშურ საქმიანობას რუსეთის სასარგებლოდ.

მედიაში თარჯიმნის სახელი არ გავრცელებულა, თუმცა Le Monde წერს, რომ ის რუსულ ოჯახში დაიბადა. მას ჰყავს დაც, რომელიც ასევე თარჯიმანია. მათგან ერთ-ერთი კი რუსეთში დაიბადა, თუმცა ორივე მათგანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. 

გავრცელებული ცნობებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ორივე და არასაშტატო თარჯიმნად მუშაობდა NATO-სთვის, ევროკომისიისთვისა და საფრანგეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის. 

ამის მიუხედავად, Le Monde პარიზში უკრაინელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე წლის მანძილზე საფრანგეთსა და ბრიუსელში უკრაინული საელჩოები უარს ამბობდნენ ზელენსკის ვიზიტებისას მათ დაქირავებაზე, რუს მაღალჩინოსნებთან მათი სავარაუდო კავშირების გამო. 

კომენტარები