კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მაგთიკომის მიერ ინტერნეტის ტარიფის გაძვირება საქართველოს მასშტაბით 496 168 აბონენტს შეეხება. მათივე შეფასებით, ფასის გაზრდის გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს. კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ ნახევარ მილიონამდე აბონენტისთვის ინტერნეტის გაძვირების გადაწყვეტილება მაგთიკომმა დაუსაბუთებლად წარმოადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის 1 აგვისტოდან, მაგთიკომის იმ მომხმარებლებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, მომსახურების ტარიფი 3 ლარით გაუძვირდებათ.
ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ComCom-ში აცხადებენ, რომ "ტარიფის გაზრდა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ მომსახურების ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ისედაც გაცილებით მაღალია."
კომუნიკაციების კომისიის დაანგარიშებით, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შემდგომ, მაგთიკომი არცერთ მომხმარებელს არ დაკარგავს, "კომპანია ყოველთვიურად 1 159 874 ლარს მიიღებს, რითაც მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 13 918 485 ლარით გაიზრდება."
"მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისია საკითხს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შეისწავლის. ამასთან, კომუნიკაციების კომისია დააკვირდება სხვა კომპანიების ქმედებებსაც, შეუერთდებიან თუ არა მაგთიკომის დაანონსებულ ცვლილებას და მიიღებენ თუ არა ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილებებს" - წერია განცხადებაში.
2024 წელს ComCom-ის გამოქვეყნებული "ბენჩმარკინგის“ კვლევა აჩვენებს, რომ "ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი - 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში - 17%-ით დაბალი იყო. მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტები კი, ევროპულთან შედარებით, მნიშვნელოვნად ძვირი. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპული ქვეყნების საშუალო ფასს 136%-ით აღემატებოდა."
"საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს მაგთიკომმა ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე გაუზარდა. კერძოდ, 30 მბ/წმ-იანი პაკეტი - 50-იანი, 50 მბ/წმ-იანი პაკეტი კი 80 მბ/წმ-იანი გახადა. შესაბამისად, გაუქმდა 30 მბ/წმ-იანი პაკეტი. დღევანდელი მდგომარეობით კი, ის აბონენტები, რომლებიც 30 მბ/წმ-იან პაკეტს ყიდულობდნენ, დარჩნენ არჩევანის გარეშე - გადაიხადონ ნაკლები ინტერნეტის სიჩქარეში და იძულებულნი არიან, 50 მბ/წმ-იანი სიჩქარის პაკეტები გაზრდილი ფასებით შეიძინონ, რაც მათ არჩევანს მნიშვნელოვნად უზღუდავს" - წერს კომუნიკაციების კომისია.





