რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინის აღსადგენად ახალი მარშალის გეგმაა საჭირო

ვოლოდიმირ ზელენსკი და კით კელოგი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 9 ივლისს რომში გამართული ღია დისკუსიის დროს უკრაინაში თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ახალი "მარშალის გეგმის" შემუშავებაა საჭირო, რათა ომის შემდეგ უკრაინას აღდგენაში დაეხმარონ. 

კელოგმა ხაზი გაუსვა უკრაინის აღდგენის მნიშვნელობას და ახსენა მარშალის გეგმაც, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების მხარდასაჭერად აშშ-ს ეკონომიკური დახმარების პროგრამა იყო, რათა ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკები აღდგენილიყო და შეჩერებულიყო კონტინენტზე კომუნიზმის გავრცელება. 

ტრამპის წარმომადგენლის მიხედვით, მსგავსი პროგრამის შემუშავება უკრაინისთვისაც შეიძლება. მისი თქმით, ეს "უკიდურესად გამოწვევებით" იქნება სავსე, რადგან ვითარება ძალიან რთულია. კელოგმა დაამატა, რომ პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა საჭირო, რის შემდეგაც, შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომი საბოლოოდ დასრულდეს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე თანახმაა, თუმცა ეს ცალმხრივ შეთანხმებას წარმოადგენს. ამასთან, კელოგმა განსაკუთრებული ხაზგასმით შეეხო რუსეთში გატაცებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების საკითხს. 

კელოგის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს საკითხი პირდაპირ წამოაყენა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას და უთხრა, რომ ეს რუსეთთან ნებისმიერ სამომავლო მოლაპარაკებებზე მთავარი საკითხი უნდა იყოს.

კომენტარები