შსს-ს მიხედვით, ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარეს, რომელთაგან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი 240 პირს დაუდგინდა, ხოლო 23-მა პირმა შემოწმებას თავი აარიდა და ისინი ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები.
ამის შესახებ შსს განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს.
"ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, რომელთა საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნილია სასამართლოში. ამასთან, 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული.
ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. პოლიციის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, მათ შორის ნარკოლოგიური შემოწმებაც, მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს.
ასევე მოვუწოდებთ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, არათუ ხელი შეგვიშალონ, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, სადაც ინფორმაციის სწორად მიწოდებას განსაკუთრებული როლი ეკისრება". - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ აქტივისტებისა და ოპონენტების ნარკო-შემოწმება დაიწყო.
კანონმდებლობით პოლიციას აქვს უფლება, მოითხოვოს პირის ნარკოშემოწმებაზე გადაყვანა. წესები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
"1. თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია ვარაუდისთვის რომ თქვენ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება, პოლიციელს უფლება აქვს გადაგიყვანოთ შემოწმებაზე.
2. ამ დროს პოლიციელი გთავაზობთ გადაყვანას შსს-ს ექსპერტიზაზე.
3. თქვენ უფლება გაქვთ თქვათ უარი გადაყვანაზე, მაგრამ ასეთ დროს გამოიწერება მიმართვა, რომლის გამოწერიდან 4 საათის განმავლობაში თქვენი ნებით უნდა ჩაიტაროთ შემოწმების ტესტი ან შსს-ს ექსპერტიზაზე ან სამხარაულში.
4. თუ 4 საათის მანძილზე ჩაიტარებთ ამ ტესტს, მაშინ პოლიცია პირდაპირ ამ ორგანოდან გამოითხოვს ტესტის პასუხს.
5. თუ 4 საათის მანძილზე არ ჩაიტარებთ ტესტს ჩაითვლება რომ თქვენ შემოწმებას თავი აარიდეთ და ეს იწვევს ან ჯარიმას 500 ლარიდან 2000 ლარამდე ან 60 დღემდე პატიმრობას.
6. თუ ჩატარებული ტექსტის მიხედვით დაგიდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება უფლება გაქვთ 10 კალენდარული დღის ვადაში ჩატარებული კვლევისას დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო (ალტერნატიული) ექსპერტიზა.
7. თუ დაგიდგინდათ რომ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება თქვენ დაგეკისრებათ ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე ან 60 დღემდე პატიმრობას." - წერს იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი.





