რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CNN: ჰეგსეთმა თეთრ სახლს წინასწარ არ აცნობა უკრაინისთვის იარაღის ნაწილის მიწოდების შეჩერება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და აშშ-ს თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
REUTERS/Carlos Barria

ამერიკული ახალი ამბების ორგანიზაცია CNN ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირას აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თეთრ სახლს წინასწარ არ შეატყობინა.

მანამდე ამერიკული ტელეარხი NBC News-იც წერდა, რომ უკრაინისთვის გარკვეული შეიარაღების მიწოდების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა დამოუკიდებლად მიიღო. 

CNN-ის მიხედვით, პრეზიდენტმა ტრამპმა 8 ივლისს მიანიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე თავად პასუხისმგებელი არ იყო. კაბინეტის შეხვედრისას კითხვაზე, მოხდა თუ არა იარაღის მიწოდების დროებით შეჩერება მისი თანხმობით, ტრამპმა მხოლოდ იმით უპასუხა, რომ აშშ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნას გააგრძელებდა. კითხვის განმეორებისას კი მან თქვა: "არ ვიცი, თქვენ რატომ არ მეტყვით?" 

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და კიდევ ორ წყაროზე დაყრდნობით CNN ასევე წერს, რომ ჰეგსეთის გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ არც უკრაინაში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა და არც სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ არ იცოდნენ. წყაროების თქმით, ორივემ ამის შესახებ ინფორმაცია პრესაში გავრცელებული ცნობებიდან მიიღო. 

CNN-თან ორმა წყარომ განაცხადა, რომ ჰეგსეთის გადაწყვეტილება, თეთრი სახლისთვის წინასწარ არ შეტყობინების შესახებ, იმით იყო განპირობებული, რომ მას აპარატის უფროსი ან სანდო მრჩევლები არ ჰყავს, რომლებიც მოუწოდებენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უწყებათაშორის პარტნიორებთან ერთად შეათანხმოს. 

CNN-ს ორმა წყარომ ასევე უთხრა, რომ, როგორც ჩანს, ტრამპს არ სურს, რუსეთს "გამარჯვება" მისცეს უკრაინისთვის შეიარაღების შეჩერებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში უფრო და უფრო აშკარა გახდა, რომ პუტინი არ არის მზად უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს. 

მანამდე გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარისას უთხრა, რომ იგი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერებაზე პასუხისმგებელი არ ყოფილა. იგივე ცნობა გაავრცელა CNN-მაც. 

WSJ-ს ინფორმაციით, 4 ივლისს გამართული ზარისას ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ მან ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს იერიშების შემდეგ პენტაგონს საბრძოლო მასალების მარაგების გადახედვა დაავალა, თუმცა შეიარაღების მიწოდების გაყინვაზე ბრძანება არ გაუცია. 

ზარის გამართვამდე ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო, რადგან მასთან "საერთოდ არანაირი პროგრესი" არ ჰქონდა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

ამასთან, წყაროების თქმით, ტრამპმა ზელენსკი დაამშვიდა, რომ აშშ უკრაინას იმდენ შეიარაღებას გაუგზავნის, რამდენის გამოყოფაც შეუძლია. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას "დამატებით იარაღს გაუგზავნის," რადგან მათ "თავის დაცვა უნდა შეეძლოთ."

ტრამპის ნათქვამიდან მალევე პენტაგონის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ტრამპის მითითებით უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება უკვე დაიწყო. 

მოგვიანებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა 9 ივლისს დაადასტურა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკვე განახლებულია. "ჩვენ ვიყავით და ვართ უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები. ჩვენ ვზრუნავთ ამ ადამიანებზე. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ." - თქვა ბრიუსმა. 

ამას გარდა, გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საუბრის დროს ტრამპი ზელენსკის Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის 10 რაკეტის მყისიერად გადაცემასა და ალტერნატიული გზების პოვნას დაჰპირდა. 

ტრამპმა პუტინის მისამართით კრიტიკული განცხადებები 8 ივლისსაც გააკეთა, როცა მან თქვა, რომ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილოა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მის ადმინისტრაციას "პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას" აყრის, რაც საბოლოო ჯამში უშინაარსო "გამოდგება ხოლმე". 

"პუტინი ბევრ ბოდვას გვაყრის, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ყოველთვის ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე" - თქვა ტრამპმა ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას.


ცნობისთვის, 2 ივლისს, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ უკრაინას რიგი შეიარაღების, მათ შორის, Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდება დროებით შეუჩერა. 

მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სგან შეიარაღების ნაწილის მიწოდების დროებით შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და განმარტებისთვის ამერიკულ მხარესთან სატელეფონო საუბარს ითხოვენ. 2 ივლისს უკრაინამ ამერიკელი დიპლომატიც დაიბარა პენტაგონის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. 

თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და შეიარაღების მიწოდება ზოგადად არ შეუჩერებია, არამედ ცვლილება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ს პრეზიდენტისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების "ძლიერი ვარიანტების" გაზიარებას განაგრძობს. 

4 ივლისს ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი" საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ტრამპთან ზარი "საუკეთესო იყო" იმასთან შედარებით, რაც მას ტრამპთან აქამდე ჰქონია.

კომენტარები