რუსული რეჟიმი

19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-დან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

MO SE

19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება - ამის შესახებ განცხადება პარლამენტთან ბოიკოტის მოხმრე 8 პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და საზოგადოებრივი ჯგუფებმა გააკეთეს.

"აქ შეკრებილი 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე. 

ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობის და ძალადობის მორევში გადაუშვა. 

მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას. 

ქართული ოცნება ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბურნებს. 

ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს;

ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც;

სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას;

ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის. 

ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! 
უარი რუსულ სპეცოპერაციას!

ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!" - ნათქვამია პარტიების განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან: თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა და ფედერალისტები.

განცხადება რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების სახელით ასევე გააკეთა ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთუნა ქერაშვილმა.

"ბოიკოტს ვუცხადებთ თვითმმართველობის არჩევნებს, ერთადერთი არჩევნები, რომელიც აღიარებული იქნება ქართველი ხალხის მიერ, იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც სრულად ვუჭერთ მხარს. არანაირი თვითმმართველობის არჩევნები, ბოიკოტი ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ დადგმულ ფარსში, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება. 

19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან დავიძვრებით პარლამენტის მიმართულებით და თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გაქვთ ბრაზი, ვინც თვლით, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის გელოდებით, გააგონეთ ბიჭებს თქვენი ხმა, აჩვენეთ, რომ ისევ აგრძელებთ ბრძოლას" - განაცხადა ქეთუნა ქერაშვილმა.

განცხადება ასევე გააკეთეს სტუდენტებმა, აქტივისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

კომენტარები