მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.
ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.
"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ოლქის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დაადგინონ ზუსტი გარემოებები. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობაა". – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი, რომან სტაროვოიტი თანამდებობიდან დღეს, 7 ივლისს გაათავისუფლა. სტაროვოიტი მინისტრი 2024 წლის მაისში გახდა, მანამდე კი ის თითქმის 5 წელი კურსკის რეგიონის გუბერნატორი იყო.
კრემლის ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ნოვგოროდის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, ანდრეი ნიკიტინი დაინიშნა.
მინისტრის უეცარი გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვნა.
"ამჟამად, პრეზიდენტის აზრით, ანდრეი ნიკიტინის პროფესიონალური უნარები და გამოცდილება ყველაზე კარგად უზრუნველყოფს, რომ სააგენტო, რომელიც პრეზიდენტმა უაღრესად მნიშვნელოვნად დაახასიათა, თავის ამოცანებსა და ფუნქციებს შეასრულებს" – ამბობს პესკოვი.





