პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა ერთიდან ორ წლამდე შეაფერხა.
შონ პარნელმა, პენტაგონის სპიკერმა, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოფიციალური შეფასებით ეს მონაცემი "ალბათ უფრო ორ წელს უახლოვდება".
"ჩვენ მათი პროგრამა ერთიდან ორ წლამდე შევაფერხეთ, ყოველ შემთხვევაში, თავდაცვის დეპარტამენტის შიდა დაზვერვის შეფასებით, ეს ასეა" - თქვა პარნელმა პრესკონფერენციაზე.
პარნელმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო შეფასებების მიხედვით ირკვევა, რომ აშშ-ს ოპერაციამ, "შუაღამის ურომ" საკუთარ მიზანს მიაღწია და ირანის ბირთვული ობიექტები სრულიად განადგურებულია.
"ყველა სადაზვერვო ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, გვაიძულებს დავიჯეროთ, რომ ირანის ეს ობიექტები - მთლიანად განადგურებულია" - თქვა მან.
22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია.
ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის
მანამდე, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.





