ბაქოში რუსეთის საელჩოს თანახმად, აზერბაიჯანში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის, ტურისტებისგან, საცხოვრებელ სახლებში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირების მისვლის, საბუთების შემოწმებასა და მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ცნობები მიიღეს.
"მედიის წარმომადგენლების მხრიდან ბაქოში ბოლოდროინდელ მოვლენებზე კომენტარების გაკეთების მრავალ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ ბოლო საათებში მრავალი მომართვა შემოვიდა რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შორის, ტურისტული მიზნებითაც. ისინი იტყობინებიან, რომ მათ საცხოვრებელ ადგილზე სამოქალაქო ტანსაცმლით გამოწყობილი პირები მივიდნენ (ზოგიერთმა მათგანმა თავი პოლიციის თანამშრომლად წარადგინა), რომლებიც ქვეყანაში რუსების ჩასვლის მიზნით ინტერესდებოდნენ და საბუთებს უმოწმებდნენ. ზოგიერთი იმ პირის თქმით, რომლებმაც საელჩოს მიმართეს, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ფიზიკურად იძალადეს". - წერია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
საელჩო ასევე წერს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დაკავებულ მოქალაქეებთან საკონსულო წვდომის მოთხოვნა გააგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
"ვაცხადებთ, რომ საელჩომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დროულად გააგზავნა ცნობა დაკავებული რუსეთის მოქალაქეებთან საკონსულო წვდომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მხარისგან პასუხი არ ყოფილა". - წერს რუსეთის საელჩო.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა, რომელსაც 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის "ბრუტალური მკვლელობის" გამო მთავრობის პროტესტი გამოუთქვეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
29 ივნისს, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ რუსული კულტურული ღონისძიებები გააუქმა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარებული პოლიციის რეიდების დროს ეთნიკური აზერბაიჯანელების სავარაუდო მკვლელობამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
30 ივნისს ბაქოში მდებარე რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik-ის ოფისში პოლიცია შევიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში, სხვადასხვა ბრალდებით, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მანამდე, აზერბაიჯანში Sputnik-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ს ნაწილია, საქმიანობა ოფიციალურად შეუჩერეს, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფისი მუშაობას აგრძელებდა და თანამშრომლები კვლავ დადიოდნენ.
მოგვიანებით, მოსკოვსა და ბაქოს შორის მზარდი დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ეკატერინბურგში ურალის რეგიონის ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შახინ შიხლინსკი დააკავეს.
2 ივლისს აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ იევდოკიმოვი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა, რომლებიც "მეგობრულ სულისკვეთებას" უპირისპირდება და "ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს".





